საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
შეხვედრა რეზო გაბრიაძის ბავშვობასთან
ლევან გაბრიაძე: „მთელი ცხოვრება მინდოდა, ეს საჩუქარი გამეკეთებინა მამაჩემისთვის“
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2018/05/04 02:11:22

 

 

აბა, რა ხიბლი ექნებოდა ქუთაისობას  და მაისობას რეზო გაბრიაძისა და თეთრი ხიდის გარეშე? ჰოდა ეს ორიგინალური ჩანაფიქრიც შედგა და სამ მაისს, შებინდებისას, სწორედ თეთრ ხიდზე, რიონისა და თეთრი ქვების გარემოცვაში  შეიკრიბა ქუთაისური აუდიტორია,  ლევან გაბრიაძის ფილმის „ჰაი ჰარალე, დედაო“-ს პრემიერაზე, რეზო გაბრიაძის ბავშვობასთან შესახვედრად.


ფილმი შვილის საჩუქარია დიდი მამის მიმართ და იგი შექმნილია ცნობილი ქუთაისელი მწერლის, რეზო გაბრიაძის ნახატების, მისი მოთხრობის „თეთრი ხიდი“, რომანის  „ქუთაისი ქალაქია“-ს  და ავტორის კიდევ რამდენიმე ნაწარმოების მიხედვით, რომელიც  მწერლის ბავშვობის წლებზე მოგვითხრობს.


ძირითადი მოქმედება სოფელ ბანოჯაში ხდება, სადაც რეზო გაბრიაძის ბებია და ბაბუა ცხოვრობდნენ.


ანიმაციურ ავტობიოგრაფიულ ფილმს რეფრენად გასდევს რეზო გაბრიაძისათვის დამახასიათებელი კეთილი იუმორი.


ფილმმა მაყურებლის ოვაციები და გულწრფელი მოწონება დაიმსახურა.მაყურებელი დიდხანს უკრავდა ტაშს როგორც ფილმის ავტორს, ასევე - მის მთავარ გმირს, რეზო გაბრიაძეს, რომელიც მაყურებელთა შორის იჯდა თავისი მშობლიური ქალაქის უსაყვარლეს თეთრ ხიდზე და ბავშვობის მოგონებებში იძირებოდა...


„ძალიან ბევრს მიყვებოდა მამა ქუთაისზე, ამიტომ გადავწყვიტე, მისი ბავშვობის მოთხრობების მიხედვით გადამეღო ეს ფილმი. ანიმაციური ფილმი საკამოდ შრომატევადია, ორი წელი ვმუშაობდი ამ ფილმზე, რომლის ყველა პერსონაჟი და ადგილი რეზომ დაგვიხატა. ავტობიოგრაფიული ფილმი გადავიღეთ კინოსტუდია „ბაზილევში“, სადაც 25 წელია, ვმოღვაწეობ. მთელი ცხოვრება მინდოდა,ეს საჩუქარი გამეკეთებინა მამაჩემისთვის. თეთრი ხიდიკი ნამდვილად უხდება ჩვენს ფილმს“ - გვითხრა ფილმის რეჟისორმა, რეზო გაბრიაძის შვილმა, რეჟისორმა ლევან გაბრიაძემ.


„ძალიან მომეწონა როგორც ფილმის სცენარი, ასევე მხატვრული გადაწყვეტა და პრმიერის ლოკაციის ადგილიც. მიხარია, რომ პრემიერას დავესწარი“ - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ.


ეს ულამაზესი საპრემიერო საღამო უკვე ისტორიაა და დარწმუნებული ვარ, ქუთაისელებს ძალიან დიდხანს ემახსოვრებათ რეზო გაბრიაძის ბავშვობასთან თეთრ ხიდზე შეხვედრა...


აქვე, აუცილებლად აღსანიშნავია, რომ თეთრ ხიდზე ამ კინოჩვენების  ორგანიზატორი ქუთაისის მერია გახლდათ, კონკრეტულად იდეა კი  კინომცოდნე თამთა თურმანიძეს ეკუთვნის, რისთვისაც მათ თანაქალაქელთა გულწრფელი მადლიერებაც დაიმსახურეს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 905
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია