საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საზოგადოებრივი ფონენდოსკოპი
მერაბ კვიცარიძე: "ქუთაისი არის საქართველოს გული, რომელმაც სამჯერ გადაუსხა დედაქალაქს სისხლი"
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2018/01/05 15:30:37

საზოგადოებრივი ფონენდოსკოპის კვირის სტუმარია ქუთაისის დიმიტრი ნაზარიშივლის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრის დირექტორი მერაბ კვიცარიძე.


პროლოგის მაგიერ:

-  მერაბ კვიცარიძე დაიბადა 1965 წლის 10 ნოემბერს, სწავლობდა ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში, უმაღლესი განათლება მიიღო თბილისის  სახელმწიფო სამედიცინო  ინსტიტუტი, 1992 წლიდან განაწილებით მუშაობდა ლანჩხუთის რაიონული სავადმყოფოს სასწრაფო დახმარების  მთავარ ექიმად და ამავე საავადმყოფოს ექიმ უროლოგად, 1996 წლიდან დღემდე მუშაობს ქუთაისის დიმიტრი ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრში. არის ამავე ცენტრის  დირექტორი და ამვდროულად - ექიმი  უროლოგი. გავლილი აქვს ოქსფორდის  უნივერსიტეტის  მენეჯმენტის  უმაღლესი სკოლის სრული  კურსი. არის საერთაშორისო ტრენერი.

ჰყვს მეუღლე, ქეთევან ჯუღელი და ერთი ვაჟი გიორგი კვიცარიძე, რომელმაც მამის მსგავსად, ექიმის პროფესია აირჩია და ამჟამად გერმანიაში  ასისტენტ ექიმად მუშაობს.


საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის პრემიის ლაურეატი, ზურაბ გორგილაძის პრემიის ლაურეატი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ავტოქარხანის ოლქში, ქალაქის ცნობილი ექიმი, პოეტი, თამადა- ეს იმ არასრული ოფიციალური თუ არაოფიციალური ტიტულების ჩამონათვალია, რომელსაც ბატონი მერაბი ატარებს. ჩვენი რედაქცია შეეცადა, ერთი ინტერვიუთი ზოგადი პორტრეტი შეექმნა იმ ადამიანის შესახებ,რომელიც კაბინეტში მთელი ქართული კულტურის  საგანძურს, ხოლო გულში კი ჩვენი ქვეყნის უზომო სიყვარულსა და ქუთაისის უცნობ  ისტორიებს  ინახავს.

 

დიალოგი


 -ბატონო მერაბ, რატომ დაუკავშირეთ თქვენი ცხოვრება მედიცინას? დღევანდელი გადასახედიდან მკითხველისთვის გასგებ ენაზე,  რომ აგვიხსნათ რას ნიშნავს -"პროფესია ექიმი"?

- ექიმობა  თავიდანვე მინდოდა. ეს არის საუკეთესო პროფესია მსოფლიოში.   ჰიპოკრატეს ფიცი არის ყველაზე კარგი ფიცი დედამიწაზე , რომელიც იწყება არაჩვეულებრივი სიტყვებით: "არ ავნო". 

ექიმობა სიკეთის კეთებაში და ჩემი შინაგანი სამყაროს რეალიზებაში მეხმარება.   "სიკეთე უხვად გაცემას არ ნიშნავს, დროულად გაცემას ნიშნავს", სწორედ ეს  დროულობა ახასიათებს მედიცინას, რომელიც მეხმარება ჩემი შინაგანი მიდრეკილება ქველმოქმედებისაკენ გამოვავლინო იქ, სადაც საჭიროა. ექიმობა ჩემთვის ყველაფერია.

 

-ქუთაისი ტრადიციულად ითვლებოდა სამედიცინო მნიშვნელობის ქალაქად. როგორია დღეს ქუთაისში სამედიცინო ატმოსფერო და რა როლს ასრულებს ის რეგიონში?

-თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქუთაისი არა მარტო სამედიცინო მნიშვნელობის ქალაქია.

რაც შეხება ქუთაისის სტატუსს, მოგეხსენებათ. ეს კლინიკა, სადაც ახლა ვიმყოფებით, არის  ყველაზე ძველი სამედიცინო დაწესებულება საქართველოში, აქ გაიხსნა პირველი უფასო სამედიცინო ცენტრი, რომელიც დააარსა მეცენატმა, ექიმმა, საზოგადო მოღვაწემ დიმიტრი ნაზარიშვილმა. განუზომელია დიმიტრი ნაზარიშვილის როლი ქუთაისის  სამედიცინო სფეროს განვითარებაში.

აგერ უკვე 22 წელია, ამ კლინიკის ხელმძღვანელი ვარ. პირადად ვუვლი ნაზარიშვილის  და მისი ქალიშვილის საფლავებს,  რომლებიც "მწვანეყვავილაზე" არიან დაკრძალულნი.

დიმიტრის ქალიშვილი, ელო ნაზარიშვილი,  იყო ფილოლოგი, "ცისფერყანწელმა" სანდრო ცირეკიძემ მას პირადაად მიუტანა "მალარმეს" ტექსტი და სთხოვა, ქართულად ეთარგმნა. "ცისფერყანწელები " - ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, პაოლო იაშვილი ქეიფობდნენ წისქვილში და იქ მიიტანა ელო ნაზარიშვილის მიერ ნათარგმნი  ჯერ შეუმშრალი "მალარმეს" ქართული ტექსტი სანდრო ცირეკიძემ.


ასევე დიდი პიროვნება იყო სამსონ თოფურია, რომელმაც დაარსა პირველი საავადმყოფო ქუთაისში, საუბარია ახლანდელ საეკლესიო საავადმყოფოზე.


დღევანდელ სამედიცინო გარემოს ასე შევაფასებ, ქუთაიში ბევრი წარმატებული კლინიკა ფუნქციონირებს , სადაც სერიოზული და კვალიფიციური  კადრები მუშაობენ.


ძალიან მწყინს, როდესაც ქუთაისს რეგიონს უწოდებენ. ქუთაისი არის საქართველოს გული, რომელმაც სამჯერ გადაუსხა დედაქალაქს სისხლი: 20-იან, 60-იან და 80-იან წლებში. კიდევ  სჭირდება თბილისს ჩვენი ქალაქის სიხლი, მაგრამ გაშრა, აღარ აქვს. მე პირადად ამ პროცესში მონაწილეობა არ მიმიღია.


ბატონო მერაბ, ვხედავ თქვენს კაბინეტში "ცისფერყანწელების" არაერთი პორტრეტი ინახება, იქნებ რამე საინტერესო ისტორია გვიამბოთ მათ შესახებაც.


პაოლო იაშვილს აქვს ერთი ასეთი ლექსი:

"დაიტანჯა მაჯა მარჯნის,

მძიმე ჯაჭვის ტარებით,

ჩემს დამტანჯველს ღმერთი დასჯის,

ქაჯად გადაგვარებით."


ამ ლექსში არის ოთხი "ჯ"-ს ალიტერაცია, რაც შემდეგ ისტორიას უკავშირდება: პაოლო იაშვილის მამა  ჯიბრაელ, ჯიბო იაშვილი იყო აფთიაქარი. მოგეხსენებათ,"ცისფერყანწელებს"  ფული არ ჰქონდათ, მათ ჯიბო იაშვილი ეხმარებოდათ ფინასურად, ამიტომ   ოთხი" ჯ" იშიფრება, როგორც-  "ჯერჯერობით ჯიბოს ჯიბით."

 

- როგორც ჩვენთვის ცნობილია, თქვენი კლინიკა საქველმოქმედო ღონისძიებებში აქტიურადაა ჩართული, გვიამბეთ ამის შესახებ.

- ჩვენი კლინიკა კვირაში ერთ ქველმოქმედებას მაინც ახორციელებს. შარშან 10 ექიმი ჩავიყვანე საბერძნეთში, სადაც 2000 ქართველ ემიგრანტს უფასო გამოკვლევბი ჩავუტარეთ, შემდეგ იტალიში ვიყავით, სადაც 720 ქართველს მოვემსახურეთ, თურქეთშიც ვიყავით და ა.შ.  ჩემი და საერთაშორისო ემიგრაციის ცენტრის ხელმძღვანელის, ლედი ტუკვაძის ერთობლივი იდეაა ამ აქციების განხორციელება.


 - აქტიური სამედიცინო საქმიანობის გარდა, პოლიტიკითაც ხართ დაკავებული. რატომ გადაწყვიტეთ ადგილობრივი თვითმმართველობის წევრობა?

-პოლიტიკაში  მოვედი, რათა თანაქალაქელების მიმართ ჩემი თანადგომისა და მხარდაჭერის  რეალიზება კიდევ უფრო ფართოდ მოვახდინო. მე  ვარ ქართული ოცნების გუნდის წევრი. ერთ-ერთი რთული უბანი შემხვდა, სადაც სერიოზულ პრობლემებს წავაწყდი.  წინასარჩევნო პერიოდში 2400 ოჯახის კარი შევაღე, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კომუნიკაცია საქართველოს მასშტაბით. არჩევნების მერეც არ გავჩერებულვარ, 600- მდე კარი ისევ შევაღე. ყოველდღე საღამოს 6 საათიდან 9 საათამდე უბანში ვარ, მუდმივად ვხვდები ჩემს ამომრჩეველს და ვაკეთებ უბნის მოსახლეობის პრობლემების აღწერას.

მაგალითად, ბარბალობა დღეს, უფასო მარშუტი დავნიშნე ჩემს სამაჟორიტარო ოლქში,  მეც ამ მარშუტში ვიჯექი. არჩევნებზეც მარშუტში ვხვდები ამომრჩეველს და მათი პრობლემების გულთან ახლოს მიტანა მიხარია.


- რა გეგმები აქვს დეპუტატ მერაბ კვიცარიძეს? რით დაამახსოვრებთ თქვენს ამაომრჩეველს თავს?

ვგეგმავ, ყოველ შაბათ დღეს  1-დან 4- საათამდე უბანში მივიდე და როგორც ექიმი,  უკეთ გავეცნო მოსახლეობის ჯანმრთელობის პრობლემებს.  ვატარებ უფასო სამედიცინო აქციებს, სკოლებში ვატარებ საგანმანათლებლო ლექციებს, ვგეგმავ 18-30  წლამდე ახალგაზრდებისათვის ჩამოვაყალიბო მენეჯმენტის  უფასო სკოლა, სადაც გავცემ სტიპენდიებს. სპორტული კუთხითაც მინდა გავაცოცხლო უბანი. განათლება და სპორტი პრიორიტეტული უნდა იყოს განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისათვის.


- ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული თამადა ხართ, შეგიძლიათ ჩვენი რედაქციის მეშვეობით  მიულოცოთ შობა-ახალი წელი ქუთაისს და ქართველ ემიგრანტებს.  

- პირველ რიგში ემიგრანტებს ვულოცავ დამდეგ ახალ წელს. ამჟამად ჩემი დაც  და ვაჟიც  ემიგრაციაში იმყოფიან. ეს არ არის პატარა საქმე, რასაც ისინი აკეთებენ. ჯანმრთელობას, მხნეობას და  წარმატებებს ვუსურვებ ყველა ემიგრანტს!!!


 მინდა, სრულიად საქართველოს, განსაკუთრებით ჩემს საყვარელ ქალაქს ჩემივე ლექსის ერთი სტროფით მივულოცო ახალი წელი:

,,არა მარტო სავარდოს და სამაისოს,

მიწას რჩეულს, ღმერთის კალთით ბარაქიანს,

ჩვენ ვუმღერით სიყრმის წლებს და მოგონებებს,

ქუთაისი სიყვარულის ქალაქია“


ღმერთო, ქართველ კაცს მიეცი უნარი, განასხვავოს, ვინაა ცოტნე და ვინაა შადიმანი, ვინაა მარაბდელი და ვინაა კუჭატნელი, ვინაა ბერბიჭაშვილი და ვინაა ჭავჭავაძე და საქართველოს ეშველება.

და კიდევ, ჩვენი 26 საუკუნოვანი მეგობრების,  ებრაელების წყევლა -  "არც შენი იცოდე და არც სხვისი გაიგონო"-ო, უნდა მოიცილოს ქართველმა კაცმა.

ამ ორ საქმეს როგორც კი გააკეთებს, საქართველოს ეშველება.

წლები მიდის მდინარესავით, უკანმოუხედავად და სწრაფად. ჩვენ ვდგავართ მარადიულ ნაპირთან ,რასაც  სამშობლო ჰქვია. მე წლები მემატება  და სამშობლო მიპატარავდება, როდესაც მეკითხებიან, თუ როგორ ვარ, ვპასუხობ - მე ჩემი სამშობლოსავით ვარ, მე საქართველოზე უკეთესად არ მიცხოვრია...

 

 ლიკა დევდარიანი

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1434
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია