საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
პედაგოგთა პროფკავშირი მასწავლებელთა საბაზო ხელფასის ეტაპობრივი ზრდის სამთავრობო პროგრამის შემუშავებას ითხოვს
2017/12/22 17:46:59

„თუ მენტორების და წამყვანი მასწავლებლების მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნავს სახელმწიფო ხელფასის ზრდით, რატომ არ უნდა იზრუნოს უფროსი და პრაქტიკოსი მასწავლებლების მოტივაციის ამაღლებაზე? რა თქმა უნდა, არ მოგვწონს ეს გადაწყვეტილება“, – ასე ეხმაურება საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიციატივას, მენტორი და წამყვანი მასწავლებლებისთვის დანამატის ზრდასთან დაკავშირებით.


კობახიძე საქართველოს პარლამენტს და განათლების და მეცნიერების კომიტეტს პედაგოგთა ხელფასების საკითხის მიმართ გულგრილობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ  პარლამენტში არ გამოუხატავთ დაინტერესება პედაგოგის ხელფასების ზრდის  შესახებ. მისი თქმით, პედაგოგი ისევ დარჩა თავის მძიმეს სოციალურ – ეკონომიურ მდგომარეობასთან პირისპირ.

 

„საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა 2018 წლის ბიუჯეტი. არ გვქონდა დიდი მოლოდინი, რომ 2018 წელს გაიზრდებოდა  პედაგოგთა ხელფასები, მაგრამ მაინც მოუთმენლად ველოდით ბიუჯეტის დამტკიცებას. ვფიქრობდით, რომ პარლამენტში მწვავედ დადგებოდა პედაგოგთა ხელფასების საკითხი, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.

 

ისევე როგორც 2017 წელს, არც 2018 წელს გეგმავს სახელმწიფო პედაგოგთა ხელფასების ზრდას. ეს ფაქტია! ჩვენთვის ასევე სამწუხაროა ის ფაქტი, პარლამენტის განათლების კომიტეტი და საპარლამენტო უმრავლესობა სრულ ინდიფერენტულობას  იჩენს პედაგოგთა ხელფასების მიმართ, რომ არაფერი ვთქვათ ფინანსთა სამინისტროზე“, – ამბობს პედაგოგთა პროფკავშირების პრეზიდენტი.

 

მაია კობახიძის თქმით, პედაგოგი თუ დააყენებს ხელფასების ზრდის საკითხს, მაშინვე იწყება სხვადასხვა ტიპის დემაგოგია, რომ  წარმატებული პედაგოგის ხელფასი 1000 ლარს სცილდება, ან მასწავლებლის ხელფასის ასამაღლებლად იგეგმება მხოლოდ სტატუსის შესაბამისი დანამატი.

 

როგორც პედაგოგთა პროფკავშირების პრეზიდენტი აღნიშნავს, სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე უამრავი განცხადება კეთდება. თუმცა მისი თქმით, თუ პედაგოგს არ ექნება ადეკვატური შრომის ანაზღაურება, არც სწავლების ხარისხი გაუმჯობესდება რადიკალურად და ვერც ახალი ძლიერი კადრები შემოვა ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში.

 

„ყველა დამეთანხმება იმაში, რომ მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტი, რომელიც ამთავრებს უმაღლეს სასწავლებელს, სკოლაში მუშაობას ამჟამად არსებულ ხელფასზე ნამდვილად არ დაიწყებს“, – ამბობს კობახიძე.

 

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი  განათლების მინისტრის მიერ დაანონსებულ მენტორ და წამყვან მასწავლებელთა დანამატების ზრდას დისკრიმინაციულად აფასებს და ამბობს, რომ სტატუსების მიხედვით ხელფასის ზრდის საბაზო ხელფასის ზრდასთან მიბმის წინააღმდეგია.

 

„თუ მენტორების და წამყვანი მასწავლებლების მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნავს სახელმწიფო ხელფასის ზრდით, რატომ არ უნდა იზრუნოს უფროსი და პრაქტიკოსი მასწავლებლების მოტივაციის ამაღლებაზე? კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ პედაგოგთა საშუალო ხელფასების ზრდას მიებას სტატუსების შესაბამისად ხელფასების ზრდა.

 

პედაგოგთა თუნდაც რაღაც ნაწილი იღებდეს კატეგორიების მიხედვით დანამატს, ეს პედაგოგთა ეკონომიკურ მდგომარეობას ვერ გამოასწორებს. სტატუსის შესაბამისი დანამატის ზრდა უნდა განხორციელდეს საბაზო ხელფასის ზრდის პარალელურად“, – ამბობს პროფკავშირების პრეზიდენტი.

 

მაია კობახიძემ  აღნიშნა, რომ ხელფასების ზრდის თავიანთი პოზიცია მინისტრს პირადად გააცნო.

 

„ახალ მინისტრს შევხვდი, დაახლოებით 2 კვირის წინ და დეტალურად ვისაუბრეთ პედაგოგთა ხელფასების ზრდის შესახებ, ჩვენი მოსაზრება ბატონი მიხეილისთვის მისაღები აღმოჩნდა.

 

ჩვენ 2014 წლიდან ვთავაზობთ ხელისუფლებას, შემუშავდეს პედაგოგთა საბაზო ხელფასის ეტაპობრივი ზრდის სამთავრობო  პროგრამა. 2015-2016 წელს ხელფასების ზრდა 2 ეტაპად განხორციელდა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მასწავლებლების ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუმჯობესდა. შესაბამისად, ჩვენ ეს საკითხი დღის წესრიგიდან არ მოგვიხსნია.

 

2014 წლიდან ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა არის მასწავლებელთა საბაზო ხელფასის 3 – 5 წლიანი სამთავრობო პროგრამის შემუშავება. ჩვენი ადრესატი არის საქართველოს მთავრობა, ფინანსთა სამინისტრო, საკანონმდებლო ორგანო. მე პარლამენტში ვერ დავინახე პედაგოგთა პრობლემებზე დაინტერესება.

 

ჩვენ ვითვალისწინებთ ბიუჯეტის მდგომარეობას. ერთადერთი გამოსავალია, 3-5–წლიანი პროგრამა შემუშავდეს, რომლის მიხედვითაც ყოველ წელს ეტაპობრივად გაიზრდება პედაგოგთა საბაზო ხელფასი და მხოლოს ასე შევძლებთ მასწავლებლის საშუალო ხელფასი გაუთანაბრდეს, თუ საჯარო სექტორში დასაქმებულების საშუალო ხელფასს არა, ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასს მაინც“, – აღნიშნა მაია კობახიძემ.

 

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის  პრეზიდენტი აცხადებს, რომ 2018 წელსაც მასწავლებელი უნდა იყოს იმის მოლოდინში, როდის მიიღებს ხელისუფლება საბაზო ხელფასის ზრდის გადაწყვეტილებას. ამიტომ მისი თქმით, ალბათ, დადგა დრო, ყველამ პროტესტის სხვადასხვა ფორმების გამოყენებით დაიწყოს  ბრძოლა პედაგოგთა ინტერესების დასაცავად. როგორც მაია კობახიძემ აღნიშნა, ამისთვის ყველანაირი პროტესტის ფორმა წარმოუდგენია.

 

წყარო: edu.aris.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 150
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია