საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საზოგადოებრივი ფონენდოსკოპი
გიორგი ხუციშვილი:"ყოველთვის იქ ვიქნები,სადაც სამშობლოს დასჭირდება"
2017/12/13 20:09:39

 

 

საზოგადოებრივი ფონენდოსკოპის კვირის სტუმარია დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენრტის სამედიცინო დირექტორი/ორთოპედ-ტრავმატოლოგი გიორგი ხუციშვილი.

 

პროლოგის მაგიერ

 

გიორგი ხუციშვილი დაიბადა თბილისში 1976 წლის 21 მარტს. დაამთავრა თბილისის 16-ე საჯარო სკოლა. უმაღლესი სამედიცინო  განათლება   თბილისში მიიღო.  შემდეგ მუშაობდა საქართველოს სასაზღვრო ჯარების ცენტრალურ ჰოსპიტალში, იგივე საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის ჰოსპიტალში. 2007 წლიდან კი მუშაობს ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში.

 

ჰყავს მეუღლე და  ოთხი შვილი.

 

მეოთხე თაობის თბილისელი დღემდე არ ივიწყებს თავის ფესვებს, თვლის, რომ  მის პიროვნებასთან ყველაზე ახლოს  რაჭაა, თუმცა დასძენს, რომ ყოველთვის იქ იქნება ,სადაც სამშობლოს დასჭირდება.

 

 ბატონო გიორგი, რომ მოუყვეთ ჩვენს მკითხველს, როგორ აღმოჩნდით ქუთაისში ?

 

-ჩემი  ქუთაისში  გადმოსვლა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ  მერაბ კაპანაძე, ჩემი მასწავლებელი მოიწვიეს ამ ქალაქში  სამუშაოდ, მასთან ერთად ჩამოვედი მეც. თავიდან ორდინატორი ვიყავი, ვმუშაობდი ორთოპედ-ტრავმატოლოგად, ხოლო ბატონ მერაბ კაპანაძის თბილისში დაბრუნების შემდეგ გავხდი მიმართულების ხელმძღვანელი, შემდეგ კი კლინიკის სამედიცინო დირექტორი.

 

 მინდა ავღნიშნო, რომ ქუთაისმა და ქუთაისელებმა თბილად მიმიღეს, აქ უკევ 10 წელია ვმოღვაწეობ და როგორც არ უნდა განვითარდეს მომავლში ჩემი ცხოვრება, ყოველთვის მადლიერი ვიქნები ქუთათურების.

 

როგორც ვიცით, მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი ხართ. ყოფილი მუსიკოსი როგორ აღმოჩნდით მედიცინაში?

 

-მუსიკა ბავშვობიდან მიყვარს. პროფესიონალ მომღერალთა შორის გავიზარდე. ახლა პროფესიონალი მსმენელი ვარ და ვაფასებ ხარისხიან მუსიკას,  საკმაოდ დიდი ხანი ვიყავი ანსამბლ "მართვეს“  წევრი. ამ ანსამბლში გატარებულმა წლებმა და ისეთ პიროვნებებთან ურთიერთობამ, როგორებიც ბატონი ანზორ ერქომაიშვილია და აწ განსვენებული კოტე მშვიდობაძე იყო,  მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ჩემი პიროვნების  ჩამოყალიბებაში.

 

რაც შეეხება მედიცინას, ოჯახში სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი არავინ მყავს, თუმცა დედა გვარად თურმანიძეა. მოგეხსენებათ, თურმანიძეების გვარი ოდითგანვე იყო დაკავშირებული მედიცინასთან, მაგრამ მთავარი წვლილი ამ გადაწყვეტილებში მაინც ბებიას მიუძღვის.  მას სურდა, ექიმი გამოვსულიყავი, მეც მაინტერესებდა ეს სფერო და ასე ავასრულე ბებიაჩემის ნება :)

 

დიდი ოჯახი გყავთ, რა დამოკიდებულება გაქვთ ქართული ტრადიციების მიმართ?

 

 ტრადიციული ოჯახი გვაქვს, ოთხი თაობა ერთად ვცხოვრობთ უფრო კონკრეტულად ერთი სულისკვეთებით ვცხოვრობთ: ბებია,მამა,დედა,მეუღლე,მეუღლის დედა,ჩემი ოთხი შვილი, ჩემი და მისი  სამი შვილით.  დიდი ოჯახის ერთად ყოფნით, თანაცხოვრების   ტრადიციას  ვინარჩუნებთ. ხშირად ვიკრიბებით და ვცდილობთ პატრიოტული სულისკვეთება გავაძლიეროთ ჩვენს მომავალ თაობაში. რაც შეეხება ეროვნულ ტრადიციებს ,როგორც უკვე გითხარით ანსამბლ "მართვეს“ წევრი ვიყავი, სადაც  სიმღერასთან ერთად საქართველოს სულიერ ტრადიციებს გვაზიარეს.  ბავშვობიდან ვატარებ ჩოხას და  როცა ჩოხით ვიმოსები წარმოუდგენლად ამაღლებული გრძნობა მეუფლება და განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ.

 

საქართველოს რომელი კუთხე, ქალაქი არის თქვენს პიროვნებასთან ყველაზე ახლოს?

 

-რაჭა. როდესაც გადავიღლები, განსატვირთად ყოველთვის  რაჭაში ჩავდივარ. საქართველოს ყველა კუთხეში ნამყოფი ვარ, მაგრამ რაჭა ძალიან მშობლიურია. წარმოშობით ხუციშვილების ჩვენი შტო, რაჭიდან ვართ, მაგრამ თბილისში დავიბადე და გავიზარდე. მეოთხე თაობის თბილისელი ვარ, შესაბამისად  თავს თბილისელად ვგრძნობ,სამშობლო,ღირსება და მოვალეობა ჩვენი ოჯახის დევიზიც არის და სადაც ჩემს სამშობლოს დასჭირდება, მეც იქ ვიქნები.

 

რა ცხოვრებისეული გამოცდილება მოგცათ მედიცინის სფეროში მოღვაწეობამ?

 

- ექიმობა   არის ყველაზე  ჰუმანური პროფესია.მიუხედავად იმისა, რომ ექიმის პროფესია ძალიან დიდ შრომას, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დატვირთვას მოითხოვს წარმოუდგენლად დიდია უკუგება, გამოჯანმრთელებული და ბედნიერი პაციენტის მადლიერი თვალები დიდი სტიმულია ექიმისთვის, ამ სფერომ უამრავი ადამიანი შემძინა და ბევრ კარგ პიროვნებასთან დამამეგობრა. ვგულისხმობ კოლეგებს და იმ პაციენტებს, რომლებთან ურთიერთობას ოპერაციების შემდეგაც ვინარჩუნებ.  აქვე უნდა ავღნიშნო, რომ  გამიმართლა ,რადგან საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში   შესანიშნავ ადამიანებთან ერთად ვმუშაობ.

 

დაგვისახელეთ თქვენი საყვარელი მუსიკა, ფილმი და მწერალი.

 

მუსიკალური მიმართულებიდან ფოლკლორი და კლასიკური მუსიკა მიყვარს. ჩემ შვილებიც ეზიარებიან ამ სიკეთეს

 

როგორც  გურამ დოჩანაშვილი ამბობს (კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა)-  ფილმი  წიგნის დაფინანსებული კონკურენტია, შესაბამისად პრიორიტეტს წიგნს ვანიჭებ

 

მწერლებიდან ილია ჭავჭავაძეს, კონსტანტინე გამსახურდიას და ნოდარ დუმბაძეს გამოვყოფ.

 

ინტერვიუს დასასრულს აღმოვაჩინე, რომ  არასტანდარტული პორტრეტი გამოვიდა. ერთის მხრივ, პროფესიონალი ექიმის,რომელიც თავის თავზე აღმატებით ხარისხში საუბარს გაურბის, მეორე მხრივ კი საინტერესო ადამიანის,რომელიც ისეთივე მართალი და წრფელია, როგორც დუმბაძის პერსონაჟი, ბებია რომ "დოხტორობას" აძალებდა.

 

 ლიკა დევდარიანი

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6011
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია