საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საზოგადოებრივი ფონენდოსკოპი
ზურაბ ხაბეიშვილი:„ქუთაისში არ არსებობს ქუჩა, ჩიხი, სადარბაზო, სადაც ჩემი პაციენტები არ ცხოვრობდნენ“
2017/12/01 17:55:05

 

 "საზოგადოებრივი ფონენდოსკოპის" კვირის სტუმარია  დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის  ძვალ-სახსართა ქირურგიიის მიმართულების ხელმძღვანელი ზურაბ ხაბეიშვილი.

 

პროლოგის მაგიერ

ზურაბ ხაბეიშვილი დაიბად 1959 წლის 25 მაისს ქალაქ  ტყიბულში. იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. შემდეგ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში ჩააბარა, თუმცააქ მხოლოდ 2 წელი ისწავლა და რუსეთში გადავიდა სასწავლებლად.თავდაპირველად,განაწილებით მუშაობდაულიანოვსკში, ე.წ. ინტერნატურაში, სადაც  მიენიჭა ჯერ ქირურგის,ხოლო შემდეგ ტრავმატოლოგის კვალიფიკაცია. 1984 წელს დაბრუნდა საქართველოშიდა 1988 წლამდე მუშაობდა ავტოქარხნის "მედსან"-ში. შემდეგ კი სწავლაც და მუშაობაც თბილის ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში გააგრძელა. 


როგორც დღეს ზურაბ ხაბეიშვილი იხსენებს, საბჭოთა პერიოდის საქართველოში ორთოპედია და ტრავმატოლოგია ძალიან მაღალ დონეზე იყო. საბჭოთა კავშირში უამრავი კვლევითი ინსტიტუტი არსებობდა, მაგრამ კვლევითი ცენტრის სახელწოდებით სულ რამდენიმე იყო, ერთ-ერთი კი- თბილისში,რომელსაც სათავეში ედგა  ცნობილი ორთოპედ-ტრავმატოლოგი, აკადემიკოსი ოთარ  ღუდუშაური.მის სახელსაც ატარებს დღეს ის საავადმყოფო,რომელსაც სიცოცხლეშივე გაუწია მოდერნიზება.


ამ დიდი გამოცდილების მიღების შემდეგ ზურაბ ხაბეიშვილი ქუთაისში დაბრუნდა და მუშაობა  ქალაქის პირველ საავადმყოფოში დაიწყო,რომელსაც ახლასაეკლესიო საავადმყოფო ჰქვია. 2005 წლიდან  კი დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში ტრავმატოლოგიის  მიმართულების ხელმძღვანელია.


ჰყავს მეუღლე ქეთევანი და 2 ვაჟი,დავითი და ირაკლი.


აღსანიშნავია, რომ ირაკლიმაც, მამის მსგავსად, ორთოპედ-ტრავმატოლოგის პროფესია აირჩია, თუმცა, ბატონი ზურაბი ამის წინააღმდეგი იყო.


ეს დარგიძალიან მძიმე და სტრესულია. როგორც მშობელს, არ მინდოდა,ირაკლი ამ გაზას გაჰყოლოდა,მაგრამ მისი დაჟინებული სურვილით მაინც გახდა ორთოპედ-ტრავმატოლოგი - გვითხრა საუბრისას ზურაბ ხაბეიშვილმა და ჩვენი ინტერვიუც ამ თემით დავიწყეთ.

 

დიალოგი


ბატონო ზურაბ, თქვენ რატომ აირჩიეთ ტრავმატოლოგია?

- ბავშვობიდან მაინტერესებდა ხატვა, ძერწვა, მქონდა  მოცულობითი წარმოსახვის უნარი. ამ პროფესიას ახლავს ეს მახასიათებლები, რადგან საქმე გაქვს ისეთ ქმედებებთან, რომელიც ხელოვნებას უტოლდება. მე არ მომწონს თვითონ სიტყვა  „ტრავმატოლოგი“,ის არ არის ზუსტი შესატყვისი ჩვენი დარგისა. ჩვენთან რატომღაც მიღებულია, რომ ძვალ-სახსართა ქირურგს ჰქვია ტრავმატოლოგი. წესით, ჩვენ ვართ ძვალ-სახსართა ქირურგები. "ქირურგია" კი ნიშნავს "ხელსაქმეს".

 

- რამდენად რთულია ამ "ხელსაქმის"კეთება?

-ძალაინ რთულია, რადგან არ შეიძლება ადამიანი მექანიკურ არსებად აღვიქვად, რომელიც შედგება 280 ძვლისგან, რომელთა გადაბმა, დამაგრება, გასწორება შეხორცების საშუალებების გამოყენება და ა.შ. შენ ისწავლე. ამ "მანქანის" უკან დგას ადამიანი,რომელსაც აქვს თავისი სულიერი სამყარო, ჰყავს ოჯახი, ახლობლები, თავისი სოციალური ადგილი უჭირავს საზოგადოებაში და შენ ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინო. ოპერაცია არ არის რაღაც მანქანის ნაწილის გამოცვლის მაგვარი ქმედება.


-ამ გადასახედიდან ხომ არ ნანობთ, თქვენი ცხოვრება მედიცინას რომ დაუთმეთ და დროის უკან დაბრუნება რომ შეგეძლოთ, რომელ პროფესიას აირჩევდით?

-არა ნამდვილად არ ვანანობ.მე ვთვლი,რომ  მედიცინა  ხელოვნების და მეცნიერების გასაყარზე დგას. ორივესკენ მქონდა მიდრეკილება. ალბათ, სწორედ ამიტომ აღმოვჩნდი მედიცინაში.

სამედიცინო სფერო რომ არა, ხელოვნების რომელიმე დარგს -  კინოს ან რეჟისურას ავირჩევდი.   მიუხედავად დროის სიმცირისა,ზოგჯერ, როდესაც მუზა მეწვევა ხოლმე,  ვხატავ ან ნოველებს ვწერ. იმედის ვიტოვებ, რომ როდესაც პრაქტიკულ საქმიანობას დავასრულებ, აქტიურად მივუბრუნდები ჩემს საყვარელ წერას და ხატვას.


-თქვენ მოღვაწეობა მოგიწიათ ჩვენი ქვეყნისათვის უმძიმეს პერიოდში,  როგორ ახერხებდბდით ამ დროს პროფესიულად განვითარებას ?

-ჩემი ასაკიდან გამომდინარე, ორ რადიკალურად განსხვავებულ საუკუნეს მოვესწარირაც ფანტასტიკად მიგვაჩნდა მე-20 საუკუნეში,დღეს აბსოლუტურად ხელმისაწვდომია ქუთაისის საავადმყოფოებში. ავადმყოფი ამას ხშირად ვერ ხვდება. მე კარგად მახსოვს, ბარძაყის მოტეხილობით თვეობით იყვნენ პაციენტები მიჯაჭვული საწოლს.  მახსოვს, ფიზიოლოგიური ხსნარის არ არასებობის გამო, ავადმყოფებს ინტრავენურ ინფუზიას  ვუკეთებდით ფარცხანაყა- ნევიდან ბოცით მოტანილი წყაროს წყლის სტერილიზაციითა და  მაღაზიაში ნაყიდი სუფრის  მარილის ერთმანეთში შერევით, რასაც ზოგჯერ გართულებებიც მოყვებოდა, მაგრამ  შეუძლებელი იყო სხვაგვარად მუშაობა. ხშირად ყოფილა შემთხვევა, ოპერაცია სანთლის შუქზე გაგვიკეთებია. მოგვიანებით წინ წავიწიეთ და ე.წ "დვიჟოკები" გაჩნდა. მთელი საოპერაციო გამურული იყო გამონაბოლქვით, თუმცა, სხვა გზა არ გვქონდა, უნდა გვემუშავა. დღეს კი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საოპერაციოები გვაქვს, სადაც  სტერილური ჰაერის ლამინარული დინებაც აღარავის არ  უკვირს.


- როგორ მოახერხეთ ამ რთულ გარემოში კარიერულად ასე განვითარება? ვინ იყვნენ ის  კოლეგები,რომლებიც მეგობრულ თანამშრომლობას და დახმარეაბას გთავაზობდნენ?

  - მედიცინა ზიარჭურჭელის პრინციპივითაა. დედამიწის რომელიმე წერტილში თუ განვითარდა,  ის შენს ქვეყანაშიც შემოაღწევს. როდესაც საზღვარგარეთ ვუყურებდი, რა დონეზე იყო ჩვენი მიმართულება,მეგონა,რომ ამ დონეს ჩვენი ქვეყანა ვერასდროს მიაღწევდა და გული მწყდებოდა.


 ამერიკაში, ლოს-ანჯელესში არსებობს ტრავმატოლოგიური და ორთოპედიული  განათლების მსოფლიო ცენტრი, რომელსაც ფილიალები აქვს მთელს  მსოფლიოში, მათ შორის - საფრანგეთშიც. საფრანგეთის ცენტრის მენტორი იყო ძალიან ცნობილი ტრავმატოლოგ-ორთოპედი ჟან-პიერ დიუბოსი,რომელიც შემთხვევით გავიცანი 90-იანი წლების დაქცეულ ქუთაისში. მან მიმიწვია თავის ქვეყანაში, კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ერთხელ ჟან პიერმა მითხრა, ყოველთვის უნდა იქონიო იმედი,რომ შენს ქვეყანაშიც განვითარდება მედიცინაო.


როდესაც ორდინატურას ვამთავრებდი თბილიში, 1991-ში,  უკვე არეულობა დაიწყო. ამ დროს ლატვიიდან  ჩამოვიდა ექიმი ვალდის ზატლერსი, რომელსაც განათლება ამერიკაში ჰქონდა მიღებული. მისმა თანამემამულემ, ცნობილმა ტრავმატოლოგმა, ბერტრამ ზარინჩმა წაიყვანა ამერიკაში  და შეასწავლა ართროსკოპიული მკურნალობის მეთოდები (მუხლის სახსრის გაუჭრელად მკურნალობა). ზატლერსმა გახსნა სასწავლო ცენტრი ლატვიელი ექიმებისათვის, სადაც ამ მეთოდს ასწავლიდა. ჩვენ მოვიწვიეთ თბილისში ვალდის ზატლერსი, მან გააკეთა საჩვენებელი ოპერაციები და გაოცებული დავრჩით, რადგან წარმოდგენაც კი არ გვქონდა, რომ 2 მილიმეტრიანი განაკვეთით შესაძლებელი იყო მუხლის სახსარში შესვლა და უსისხლო ოპერაციის წარმოება.  იმდენად მომნუსხა ამ ყოველივემ, რომ  ვკითხე,შეიძლებოდა თუ არა ამ აპარატურის შეძენა. მან მითხრა, შეძენა არაა პრობლემა,მთავრია, რომ მათი გამოყენება იცოდეო. მან შემთავაზა რიგაში ჩასვლა. მართლაც წავედი რიგაში საკუთარი ხარჯებით, ვადლერს ზატლერსმა შემასწავლა ეს მეთოდი და მომცა საშუალება, რომ პირველად დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში დამენერგა  ართროსკოპიული მეთოდით მკურნალობა.  ძალიან რთული იყო ამ მეთოდის საკუთარი ინიციატივით დანერგვა, რადგან მეორადი ინსტრუმენტების შეძენაც კი ძალიან გვიჭირდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩემი პირველი მასწავლებელი დამოუკიდებელი ლატვიის პირველი პრეზიდენტი გახდა შემდგომში.


საერთოდ, მედიცინას საზღვრები არა აქვს.  ცნობილი ექიმები ყველა ერთმანეთთან არიან დაკავშირებულნი. ვალდის ზატლერსი ბერტრამ ზარინჩის გაზრდილი იყო. ბენტრამ ზარინჩის მეორე მოსწავლე, რაიმონ კუგატი, საფეხბურთო გუნდის, ბარსას მთავარი ექიმია. ჩვენ ყველა ერთმანეთს ვიცნობთ, ისინი ჩემზე ცნობილები არიან, მაგრამ მე მათ მასწავლებლებად მივიჩნევ და ვაფასებ მათ საქართველოსადმი დამოკიდებულებას. მათი ინიციატივით ბევრმა ჩვენმა ახალგაზრდამ შეძლო სწავლა უცხოეთში, მათ შორის, ჩემმა ვაჟმა, ირაკლიმაც, რომელიც ახლახანს დაბრუნდა ესპანეთიდან, კუგატის კლინიკიდან. არერთხელ გადმოგვცეს  უსასყიდლოდ ძვირადღირებული ინსტრუმენტები და ა.შ


1998 წელს საქართველოს ახალგაზრდა ორთოპედ-ტრავმატოლოგთა შორის პირველად ჩაატარდა  შიდა კონკურსი, რათა გამარჯვებული გაეგზავნათ ავსტრიაში, ზალსბურგის ლენდეს კლინიკის სასწავლო ცენტრში, სადაც მოღვაწეობდა პროფესორი ულრიხ დორნი.  ამ კონკურსის გამარჯვებული მე გავხდი  და გავემგაზავრე ავსტრიაში. ამ პროექტის ფარგლებში მე მომიწია    3-4-ჯერ ავსტრიაში ჩასვლა და სემინარებზე, ვორქშოფებში, პრაქტიკულ-სამეცნიერო  საქმიანობაში მონაწილეობა.


ყველაზე მთავრი მაინც არის ჩვენი შეკრებები, რომელიც ყოველწლიურად იმართება შვეიცრიაში, მსოფლიო ტრავმატოლოგიის დედაქალაქ დავოსში. მე მხვდა  პატივი  მის 50 წლისთავზე ვყოფილიყავი.  AO-ს ორგანიზაციის მიწვევით  შვეიცარიაში წარვადგინე მოხსენება საქართველოში  გაკეთებული ოპერაციების შესახებ, რომელმაც მოწონება დაიმსახურა. შეკრებას ევროპის 38 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა და მე მსიამოვნებს ის ფაქტი, რომ საქართველოს სახელი აღარ არის მიჩქმალული. ჩვენ გვაქვს საშუალება, ღირსეულად წარმოვაჩნოთ ჩვენი ქვეყანა.


- ბატონო ზურაბ, როგორ ახერხებთ ამ რთულ პროფესიასთან ერთად, იყოთ კარგი თამადა და მუსიკოსი?

-თავისთავად მოდის. ამასწინათ, მეუღლემ მითხრა, ან საოპერაციო მაგიდასთან ხარ ან საქეიფო მაგიდასთანო. მე ვუპასუხე:- არ შეგეშინდეს, არცერთგან არაფერი არ მომივა, მთავრია, გზაში არაფერი დამემართოს-თქო.


 -როგორც ვხვდები, საკმაოდ კარგი იუმორი გაქვთ. რა დოზით იყენებთ იუმორს მედიცინაში?

-როცა დამწყები ექიმი ვიყავი, მეგონა, რომ ექიმი გარეგნული გამომეტყველებით,სიტყვა-პასუხით და მანერებით უნდა ყოფილიყო პურიტანულ დონეზე, პედანტი და მკაცრი. წლების მოღვაწეობის შემდეგ დავრწმუნდი,რომ ეს მიუღებელია. ექიმს უნდა ჰქონდეს გარდასახვის უნარი. მან უნდა შეძლოს პაციენტთან სულიერი კონტაქტის დამყარება, მისი შინაგანი სამყაროს დანახვა. თუ ექიმსა და პაციენტს შორის არ დამყარდა ადამიანური ურთიერთობა არანაირ მკურნალობას შედეგი არ ექნება. როცა ვხედავ, რომ პაციენტი არ მენდობა, ვცდილობ, მასთან ურთერთობა გავწყვიტო, რადგან ვიცი, ნებისმიერი ჩემი მცდელობა უშედეგო იქნება.


ექიმისთვის იუმორის გრძნობის ქონა აუცილებელია. ვიცით,რომ ექიმსაც და პაციენტსაც უწევთ ჩვეულებრივისგან განსხვავებულ, სტრესულ გარემოში ყოფნა. ამ დროს იუმორი გეხმარება, ხელი შეუწყო ადამიანებს შინაგანი განცდების შემსუბუქებაში. შეიძლება, ექიმის ერთმა გაღიმებამ ბევრ წამალზე უკეთ იმოქმედოს. მეც ვყოფილვარ პაციენტი და როდესაც ამ კუთხიდან შემიხედავს სხვა კოლეგისთვის, გული ყოველთვის იმ ექიმისკენ მიმიწევდა, რომელიც უფრო თბილი, უბრალო და უშუალო იყო.


- ბატონო ზურაბ, თქვენ საკმაოდ დიდი და საინტერესო სამედიცინო პრაქტიკა გაქვთ. თუ შეიძლება, გაიხსენეთ ის შემთხვევა ან პაციენტი,რომელმაც თქვენი პროფესია განსხვავებული კუთხით დაგანახათ.

-უამრავი რამ მახსენდება. ერთ-ერთს გამოვყოფ. 90-ან წლებში ქუთაისში ერთ ოჯახს  თავს დაესხა ყაჩაღთა ჯგუფი. ეს ოჯახიც შესაბამისად მომზადებული დახვდა,რადგან იმ პერიოდში მსგავსი ამბები აღარავის უკვირდა. თავდამსხმელებსა და ოჯახის უფროსს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. საბოლოოდ, ერთ-ერთი  დაზარალებული თავდამსხმელი და ოჯახის უფროსი მოხვდნენ ჩვენთან საავადმყოფოში, მეზობელ პალატებში. ყაჩაღს ბადრაგი ედგა თავზე, მეორე დაშავებულს კი ოჯახის წევრები პატრონობდნენ. შესაბამისად, მასთან მოჰქონდათ უამრავი საკვები.  მე, როგორც ექიმს, ცხადია, მქონდა ორივე პალატაში შესვლის უფლება. დაყაჩაღებული ოჯახის  პატრონი მის დამყაჩაღებელთან  საჭმელს მატანდა, ის ყაჩაღი კი მადლიერების ნიშნად, სიგარეტს უგზავნიდა იმ კაცს,რომელიც რამდენიმე საათის უკან ლამის მოსაკლავად გაიმეტა. ამ შემთხვევამ ყველაზე კარგად  დამანახა ქართული ხასიათის  კეთილშობილება.


- უხეშად რომ დავთვალოთ, რამდენი ოპერაცია გაქვთ გაკეთებული?

- მალე 60 წლის ვხდები და მინდოდა, ჩემი სტატისტიკისთვის გადამეხედა. ჩემმა "აბჯართმატა- რებელმა", საოპერაციოს ექთანმა, ქალბატონმა მზია ფხაკაძემ, რომელიც ყველა ოპერაციაზე მეხ- მარება, დათვალა ჩემი გაკეთებული ოპერაციები. 30 წლის განმავლობაში, დაახლოებით 10 000 ოპერაცია გამოვიდაფაქტობრივად, ქუთაისში არ არსებობს ქუჩა, ჩიხი, სადარბაზო, სადაც ჩემი პაციენტები არ ცხოვრობდნენ.


- როგორც აღნიშნეთ, თქვენი პროფესია ძალინ რთული და სტრესულია, როგორი განცდა გაქვთ, როდესაც პაციენტის გადარჩენას ვერ ახერებთ?

-ტრავმატოლოგიას მაღალი ლეტალობა (სიკვდილიანობა) ახასიათებს. მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით  პირველ ადგილზეა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მე-2 ადგილზეა სიმსივნური დააავადებები ანუ კიბო,მე-3 ადგილზეა ტრამვა. მაგრამ თუ ადამიანის შრომისუნარიან ასაკს გავითვალისწინებთ, ტრამვა გადმოდის პირველ ადგილზე.   სამწუხაროდ ,ჩვენ პროფესიაში ამას ვერ გაექცევიჩათვალეთ, რომ როგორც თავის პატრონს მოუკვდა ის კონკრეტული ადამიანი, ისე გიკვდება შენც. ამას არ ვამბობ პათეტიკურად. ექიმისთვის ეს საშინელი მარცხი და სტრესია.

 

-ბატონო ზურაბ, თქვენ ქუთაისისთვის ძალიან საყვარელი და კოლორიტული ადამიანი ხართ. თქვენთვის რას ნიშნავს ქუთაისი, რა სტატუსი აქვს მას?

-ალეგორიულად რომ ვთქვათ, ქუთაისს მაწვნის დედოს ვადარებ. აქ იბადებიან და იზრდებიან ის ადამიანები,რომლებიც შემდეგ  თბილისში წარმოაჩენენ საქართველოს  სპორტს, ხელოვნებას, მეცნიერებას თუ კულტურას. ასე იხდის ქუთაისი ჩვენი ქვეყნის ვალს.


-ჩვენი საუბრის დასასრულს მინდა გკითხოთ, რომელია თქვენი საყვარელი წიგნი და ფილმი?

-კონკრეტულად რომელიმეს გამოყოფა მიჭირს, ძალიან მიყვარს რეზო გაბრიაძის შემოქმედება."საშობაო მოთხრობა"- განსაკუთრებით. შავ-თეთრი ქართული კინო და იტალიური ნეო-რეალიზმის ამსახველი  ფილმები მიყვარს.


*****


ბატონ ზურაბთან საუბარი ძალიან საინტერესო გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ასაკობრივად სხვადასხვა თაობას ვეკუთვნით, ჩვენი გემოვნება მწერლებთან დაკავშირებით  გადაიკვეთა.  შეუძლებელია, არ შეგიყვარდეს რესპონდენტი, რომელიც რეზო გაბრიაძის "საშობაო მოთხრობაზე" გესაუბრება. ერთი წამით ისიც კი ვიფიქრე,   ჩემი რესპონდენტი ხომ არ არის ამ მოთხრობის პერსონაჟი, თავის პაციენტებზე გადამკვდარი  ექიმი იაშა-თქო, რომელიც "ხახვის სუნსაც კი ვერ აყენებდა ოჯახში შობაზე". მიუხედავად იმისა, რომ ახლა შობა არაა, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ამ წერილით რაღაც გაბრიაძისეულს ვაკეთებ, ჩემს წილ ვალს ვიხდი ქუთაისის ღირსეული ექიმის წინაშე. როგორც ცნობილია რეზო გაბრიაძემ აღნიშნული წიგნი ("მკითხველი გამთენიისას - საშობაო მოთხრობა") თავის მეზობლებს, ექიმებს, გიორგი ლორთქიფანიძეს და გიორგი წერეთელს მიუძღვნა.


ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 16563
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია