საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საზოგადოებრივი ფონენდოსკოპი
იაკობ ცერცვაძე: „ჩვენ პრეცენდენტი შევქმენით, რომ ქუთაისში გაკეთდეს ყველა იმ სახის ოპერაცია, რაც საქართველოში და ზოგადად, მთელ მსოფლიოში კეთდება“
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/11/22 17:11:05

 

 

გაზეთი P.S. ("პოსტსკრიპტუმი") და ინტერნეტგამოცემა www.psnews.ge  იწყებს  ახალ რუბრიკას  "საზოგადოებრივი ფონენდოსკოპი".  რუბრიკის მიზანია, ხელი შეუწყოს ქუთაისის სამედიცინო  სივრცის შესახებ ცნობადობის ამაღლებას და  პოპულარიზაციას.

ქუთაისელი ექიმების გარდა, გაგაცნობთ სხვადასხვა ფაქტობრივ სიახლეებს, ნაკლებად ცნობილ სამედიცინო ისტორიებს და ნებისმიერ მიღწევას,რაც ქალაქში დაინერგება.

რუბრიკას ეყოლება კვირის სტუმარი, რომელსაც  ქართულ მედიცინაში უკვე აქვს გარკვეული სახელი და რომელიც წარმოადგენს ქუთაისის რომელიმე საავადმყოფოს.       

შეიძლება ითქვას, რომ ამ ტიპის რუბრიკა რეგიონულ მედიასივრცეში დღემდე არ არსებობს.


"საზოგადოებრივი ფონენდოსკოპის"  პირველი კვირის  სტუმარი გახლავთ  დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ნეიროქირურგიის დეპარტამენტის  ხელმძღვანელი იაკობ ცერცვაძე.

 

პროლოგის მაგიერ

იაკობ ცერცვაძე 1985 წლის 8 აგვისტოს ქუთაისში დაიბადა. ქუთაისის 37-ე სკოლის 9 კლასის დამთავრების შემდეგ თბილისის სახელმწიფო-სამედიცინო კოლეჯში სწავლობდა, ხოლო შემდეგ თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა. 2008 წლიდან  3 წელი ინგოროყვას  საუნივერსიტეტო კლინიკაში მუშაობდა რეზიდენტად. შემდეგ იმყოფებოდა  სტაჟირებაზე თურქეთში, 19 მაისის საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც განყოფილების უფროსი იყო ძალიან ცნობილი ნეიროქირურგი ჩენგიზ ჩობუკი. 2 წელი ამავე კლინიკაში რეზიდენტადაც იმუშავა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ აიღო ექიმის ლიცენზია.  2013 წელიდან მუშაობს  დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში.

 2015 წელს დაოჯახდა,ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

 

დიალოგი

 

-         ბატონო იაკობ, რატომ აირჩიეთ ნეიროქირურგია?

-         სტუდენტობის  ბოლო წლებში ვმუშაობდი თბილისის  რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში ექთნად და შემდეგ - უმცროს ექიმად. ფაქტიურად, სტუდენტობის პერიოდში მხოლოდ რეანიმაციის მუშაობის  შესახებ მქონდა პრაქტიკული ცოდნა,  თავიდან რეანიმატოლოგობას ვაპირებდი.

 

ჩემი შორეული ნათესავი არის ნეიროქირურგი, ერთხელ სრულიად შემთხვევით მასთან ერთად დავესწარი რამდენიმე ოპერაციას. ეს იყო მიზეზი, რატომაც გადავწყვიტე ნეიროქირურგობა. რეალურად  ნეიროქირურგიის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი, თუ არ ჩავთვლით უნივერსიტეტში ამ მიმართულებით გავლილ 10 დღიან სწავლებას და და რამდენიმე ოპერაციას.

 

-          რამდენად რთულია, 33 წლის ასაკში იყო ქვეყნის  ერთ-ერთი საუკეთესო ნეიროქირურგი?

-         ძალიან რთულია, როდესაც ვიღაცის სიცოცხლე გაბარია. საოპერაციოში ხართ მხოლოდ შენ და პაციენტი. თუ დაავადებული არ ხარ ნეიროქირურგიით, ამ დიდ ემოციებს ვერ გაუძლებ.

გარდა ამისა, ეს არის ისეთი პროფესია,რომელიც ძალიან მზარდად ვითარდება,რომელიც დიდ ინტელექტს, გონებრივ დაძაბულობას და ყოველდღიურ განვითარებას მოითხოვს. ჩემთვის ნეიროქირურგია არის პირველი პრიორიტეტი. ფაქტიურად, როდესაც სახლში ვარ, მაშინაც ჩემს პაციენტებზე ვფიქრობ. ალბათ, რომ არა ჩემი საქმის სიყვარული, ამ სირთულეებს ვერ დავძლევდი.

 

-         თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად გიწევთ სტრესულ გარემოში მუშაობა. რამდენად რთულია პროფესიული დისტანციის დაცვა, მაშინ, როდესაც ძალიან მძიმე პაციენტებთან მუშაობთ? სად გადის ზღვარი ექიმურ სიკერპესა  და თქვენს ჰუმანიზმს შორის?

-          საოპერაციოში  ყველა ადამინური თვისება გავიწყდება, ოჯახი და შვილიც კი არ გახსოვს ამ დროს, მხოლოდ პაციენტზე ფიქრობ. ფაქტიურად, არანაირი დისტანციის დაცვა არ გჭირდება, რადგან მხოლოდ შენს მოვალეობაზე ფიქრობ.  თუ ამ მიმართულებას ირჩევ, ფსიქოლოგიურად იმდენად ძლიერი უნდა იყო,რომ ადამიანურმა ფაქტორებმა არ უნდა შეგაწუხოს. თუმცა, ეს ემოციები  ილექება და მხოლოდ შენ და შენმა თავმა იცით, როგორი სტრესი მიიღე თითოეულ   ოპერაციაზე.

 ჩემი აზრით, პიროვნულ თვისებებს ყველა პროფესიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.  გარკვეულწილად, პიროვნების ხასიათი განაპირობებს მის პროფესიულ არჩევანს. ბავშვობიდან მიყვარდა გაჭირვებული ადამიანების   დახმარება. ამ სურვილმა განაპირობა ის, რომ სმედიცინო სფერო ავირჩიე. ბავშვობიდნ   ვიცოდი, რომ ვერასდროს ვიქნედბოდი პოლიციელი. დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე, როგორი სკოლა გაქვს გავლილი და  ვინ გასწავლიდა.

 

-         ბატონო იაკობ, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპის გამო ადამიანებს ჰგონიათ, რომ ასაკში შესულ  ექიმებს,  ახალგაზრდა კოლეგებთან შედარებით, მეტი გამოცდილება აქვთ და  შესაბამისად, მათ მიმართ  უფრო მაღალი ნდობა არსებობს. რამდენიმე  ფაქტი  დაგვისახელეთ, რომელიც  ამ  სტერეოტიპს  დაამსხვრევს.

-          არასწორია ეს მიდგომა. 33 წელი არ არის პატარა, რადგან ნეიროქირურგია არის  იმდენდ მაღალტექნოლოგიური მიმართულბაა, თუ ეს ყველაფერი პატარა ასაკში არ დაიწყე, ძალიან გაგიჭირდება ამ სიახლეების ათვისება. მაგალითად, ენდოსკოპიური ოპერაციების გაკეთების სწავლა 40 წლის მერე უფრო რთულია, ვიდრე- მანამდე. კვლევაცაა ამ საკითხზე ჩატარებული.

 

2 თვის წინ  სტუმრად გვყავდნენ იაპონელი პროფესორი და საქრთველოს წამყვანი ნეიროქირურგები. შემაჯამებელი კონფერენცია ჩავატარეთ, სადაც დავთვალეთ ჩვენი განყოფილების მიერ, ჩემი ხელმძღვანელობით გაკეთებული ოპერაციები.  2015 წლიდან დღემდე 1000 ოპერაციაა ჩვენს ანგარიშზე. თავის ქებაში არ ჩამომართვათ, მაგრამ ამ 1000 შემთხვევიდან არც ერთი არ მახსენდება, რომელსაც მე წარუმატებელ შემთხვევას დავარქმევდი. თუმცა, საზოგადოება  რას უწოდებს წარუმატებელ შემთხვევებს, ეს კიდევ სხვა საკითხია. მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს.

 

ამ კლინიკამ 2015 წელს გამიშვა გერმანიაში სტაჟირებაზე. ძალიან გამიმართლა, რადგან  იქ გავიცანი ძალიან ცნობილი პროფესორი   პიტერ  შმიდეკი, რომელიც უკვე პენსიაში გადიოდა. მას ვთხოვე, ჩამოსულიყო ქუთაისში ჩვენ სავადმყოფოში,  ახალგაზრდა ნეიროქირურგების დასახმრებლად. მან შემიყვანა საწყობში, სადაც მეორადი ინსტრუმენტები ინახებოდა. როგორი ხელსაწყოები იყო იცით? კლიპსია ერთი ინსტრუმენტი, რომელსაც ერთხელ რომ გახსნიან, შემდეგ აღარ იყენებენ, 500 ევრო ღირს.  ესკულაპის ფირმის  5 ჩანთა ინსტრუმენტები მაჩუქა. მეუღლესთან ერთად ვიყავი წასული, პირადი ნივთები დავტოვეთ, ეს ინსტრუმენტები რომ წამომეღო. ძალიან გახარებული ვიყავი. მას შემდეგ პიტერ შმიდეკი  ქუთაისში სამჯერ  გვესტუმრა. მან ჩემს განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. როდესაც ასეთი გამოცდილი ექიმი საოპერაციოში თავზე გადგას და გასწავლის, რა როგორ უნდა გააკეთო, ეს დიდი კომფორტია. მისი დახმარებით დავიწყეთ ამ კლინიკაში თავის ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგიების მკურნალობა. მსგავსი ოპერაციები დასავლეთ საქართველოში ასეთი მასშტაბით არ გაკეთებულა. მაგალითად, 2015 წლამდე  პაციენტს თუ ანევრიზმა ჰქონდა თბილისში უშვებდნენ.

 

ჩვენ პრეცენდენტი შევქმენით,რომ ქუთაისში გაკეთდეს ყველა იმ სახის  ოპერაცია,რაც საქართველოში  და ზოგადად, მთელ მსოფლიოში კეთდება. ვმუშაობთ იმ ოპერაციების დაწყებაზე, რომელიც ჯერ საქართველოში არ კეთდება. დანარჩენი მკითხველმა განსაჯოს.

 

-         ბატონო იაკობ, თქვენი საუბრიდან კარგად ჩანს, რომ თქვენს წარმატებას ქუთაისის წარმატებადაც მიიჩნევთ. მაინც რას ნიშნავს თქვენთვის ეს ქალაქი?

-         ქუთაისი ჩემთვის ყველაზე კარგი ქალაქია. ქუთაისი არის ჩემი ბავშვობა, ჩემი  ოჯახი, ადგილი, სადაც  ჩემ საქმეს ვაკეთებ და არანაირ ნაკლოვანებას  არ განვიცდი. მე მქონდა შანსი, კარიერა გამეკეთებია თურქეთში ან თბილისში, მაგრამ როდესაც  ქუთაისის ინტერვენციული კლინიკის  დირექტორმა ანჟელა ორჯონიკიძემ და განყოფილების ხელმძღვანელმა  დავით ჩიქოვანმა თანამშრომლობა შემომთავაზეს, ქვეცნობიერად მომხიბლა იმ ფაქტმა, რომ ქუთაისში  მდებარეობადა ისეთი კლინიკა, რომელიც სერიოზული მიზნებისთვის მზად იყო.

 

-         რომ არ მოგცემოდათ ინტერვენციულ ცენტრში მუშაობის შანსი,  შეძლებდით ასეთ მცირე დროში კარიერულად ასე განვითარებას?

 

-         ალბათ, -  არა. ამ კლინიკამ ჩემს განვითარებაში საკმაოდ დიდი რესურსი ჩადო.  ამ საავადმყოფოს გახსნის პირველივე დღიდან ყველაზე მაღალტექნოლოგიური საოპერაციოები ჰქონდა დასავლეთში, თუმცა ჩემს ჩამოსვლამდე, ნეიროქირურგიაში იმ მასშტაბის ოპერაციები არ გაკეთებულა, რაც ახლა კეთდება. ამ მიმართულებით ერთად განვვითარდით. გარდა ამისა, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ნეიროქირურგია არის გუნდური სამუშაო. რომ არა ჩემი გუნდი, მარტო წარმატებას ვერ მივაღწევდი.

 

-         რა ასაკში უნდა დააასრულოს ნეიროქირურგმა თავისი პრაქტიკული   საქმიანობა?                                                                                                                                        - ეს ინდივიდუალურია, ექიმის ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე.

 

-         სად შეიძლება, გიხილოთ მომავალში?

 

-         სიმართლე გითხრათ, ამაზე არ მიფიქრია, მაგრამ, ალბათ, იმ საქმით დავკავდები ,რომელიც ჩემს პროფესიასთან იქნება კავშირში. სხვანაირად ვერ წარმომიდგენია.

 

-         თქვენი აზრით, რა გამოწვევებისა და პრობლემების წინაშე დგანან ქუთაისელი ექიმები?

 

-         სიმართლე გითხრათ, მე მხოლოდ ჩვენი კლინიკის სახელით მინდა საუბარი, სხვაგან რა ხდება, არ ვიცი. მედიცინის განვითარება დამოკიდებულია ფინანსებზე და პრობლემები ცხადია, არის. ერთ-ერთ მათგანს გამოვყოფ, მაგალითად,   საავადმყოფოების უმრავლესობაში დღესაც ფურცლებზე ხდება სჭირო დოკუმენტაციის წარმოება, მაშინ, როდესაც ყველა განვითარებულ ქვეყანაში პაციენტების ისტორიები არის ელექტრონული და ცენტრალიზებული. ეს არის არამარტო ქუთაისის, არამედ მთელი ქვეყნის  პრობლემა და მის აღმოფხვრაზე სახელწიფომ უნდა იზრუნოს. ექიმმა არ უნდა დახარჯოს დრო ფურცლებზე.

 

-         რა როლს ასრულებს ქუთაისი სამედიცინო კუთხით  რეგიონში?                                     - ჩემი  ქუთაისში მუშაობის მიზანია, კეთბოდეს ყველა იმ სახის ოპერაცია, რაც კეთდება მსოფლიოში. მე ვეცდები, ეს ყველაფერი საქმით დავამტკიცო. ამას სჭირდება დიდი მხადრაჭერა, რაშიც   ხელს მიწყობს  კლინიკა. ბოლო 3 წლის განმავლობასი 15-20 ძლიერ ნეიროქირურგიულ განყოფილებას ვესტუმრე მსოფლიოში. წელიწადში 3-ჯერ  ვესწრები საკმაოდ ძვირადღირებულ ვორქშოფებს. მუდმივი განვითარების პროცესში ვართ.

 

-         რა არის თქვენი გუნდის მთავარი პრინცპი?

 

-         ჩვენ ყველა ვაკეთებთ ერთ საქმეს, ჩვენი მიზანია პაციენტის  გამოჯანმრთელება. გვყავს ახალგაზრდა და მოტივირებული გუნდი. საქმის ერთგულება და გუნდურობა განაპირობებს ჩვენს შედეგებს.

 

-         სამწუხაროდ,  მოსახლეობაში  ძალიან დაბალი სამედიცინო ინტელექტია, რის გამოც ექიმები პაციენტებისა თუ მათი ახლობლების მხრიდან ხშირად  არიან  დაუმსახურებელი კრიტიკის მსხვერპლი.  რამდენად რთულია სამედიცინო ეთიკის დაცვა ექიმის მხრიდან ასეთ შემთხვევებში?

 

-         პაციენტსა და ექიმს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს გარკვეული დისტანცია. ექიმმა, რაც არ უნდა ძნელი იყოს პაციენტთან მუშაობა,  უნდა დაიცვას ეთიკური ნორმები, ეს დაუწერელი წესია. არის შემთხვევები, როდესაც  რომელიმე პაციენტთან სტანდარტული მიდგომა არ შეიძლება, ამ დროს ვიკრიბებით 5-6 ქირურგი  და გამოცდილებაზე დაყრდნობით ხდება ინდივიდუალური მიდგომის შემუშავება.თუმცა ასეთი  ქეისები იშვიათია.

 

რაც შეეხება სამედიცინო ინტელექტის ამაღლებას, სწორედ  ამ საკითში გვჭირდება მედიის დახმარება.

 

-         რას ეტყვით თქვენს ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და იმ ადამიანებს, ვისაც სიცოცხლე შეუნარჩუნეთ?

-         ჩემ ოჯახს ვეტყვი- ბოდიშს იმისთვის, რომ ცოტა დროს ვუთმობ. იგივეს ვეტყვი მეგობრებსაც. ნეიროქირურგები, ვინც აქ ვმუშაობთ, ამ საქმით ვცხოვრობთ, ყველაზე დიდ დროს აქ, კლინიკაში ვატარებთ. კოლეგებს - ნეიროქირურგებს, ანესთეზიოლოგებს, რეანიმაციის გუნდს - მადლობას ვეტყვი, რადგან მათი, ყველას დამსახურებაა  ის კარგი შედეგები, რაც გვაქვს.

ჩვენს გადარჩენილ პაციენტებს კი ვურჩევ, გაუფრთხილდნენ სიცოცხლეს და რაციონალურად გამოიყენონ  ის.


 **

ძველი რომაული სიბრძნე ამბობს "გიყვარდეს და დაეხმარე". სიყვარული და ზრუნვა საუკეთესო წამალია - ამბობდა ცნობილი ექიმი პარაცელესი. მართლაც, განუზომელია სიყვარულისა და ჰუმანიზმის ზემოქმედების დადებითი ძალა.  გისურვებთ,რომ მთელი ცხოვრება სიყვარულით გეკეთებინოთ თქვენი საქმე.  ბატონო იაკობ, მადლობა საინტერსო საუბრისთვის, წარმატებები არ მოგკლებოდეთ!


  ლიკა დევდარიანი

 

 

P.S. მასალაზე მუშაობისას ვეცადე, მაქსიმალურად ობიექტური  ვყოფილიყავი, თუმცა, რთულია, წერო ადამინზე, ვისგანაც სიცოცხლით ხარ დავალებული და არ იყო სუბიექტური.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5187
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია