საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქვიშხეთი-ზვარეს გვირაბის მშენებლობის პრეზენტაცია გაიმართა
2017/11/19 15:07:00

ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე საქართველოს სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში  -  საქართველოში სიგრძით ყველაზე დიდი, თითქმის 8,5 კმ-იანი გვირაბის გათხრის სამუშაოები დასრულდა. ქვიშხეთი-ზვარეს გვირაბის მშენებლობის პრეზენტაციას, რომელიც თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ნაწილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. 

 

მთავრობის მეთაური შეფასებით, პროექტის განხორციელება უაღრესად მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. 


"ამ მასშტაბური პროექტის განხორციელების შედეგად გაიზრდება სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობა, გაძლიერდება უღელტეხილის მონაკვეთზე მოძრავი შემადგენლობის უსაფრთხოება, და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, შემცირდება მგზავრობის დრო და მატარებელი თბილისიდან ბათუმამდე მანძილს კიდევ უფრო მოკლე დროში დაფარავს. „საქართველოს რკინიგზა" ძალიან დიდ ძალისხმევას დებს, რათა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი დროულად და სტანდარტების სრული დაცვით განხორციელდეს. ჩვენი გათვლით, პროექტი 2020 წლისთვის დასრულდება. ასე რომ, თბილისი-მახინჯაურის მიმართულებით მალე ჩვენ გვექნება მოდერნიზებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 


გიორგი კვირიკაშვილის თქმით, რკინიგზის მოდერნიზების პროექტი მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის ყველაზე მასშტაბური კომპონენტის  - სივრცითი მოწყობის ნაწილია, რომლის განხორციელების შედეგად ქვეყანას ექნება სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა - ახალი და განახლებული რკინიგზის სადგურებით, პორტებით და აეროპორტებით, ტურისტული ინფრასტრუქტურით. 


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა ამ მასშტაბური პროექტის განხორციელება არა მარტო საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას ეყრდნობა, არამედ პროცესში ჩართული არიან უცხოელ ექსპერტთა, სპეციალისტთა და მშენებელთა ძალიან მნიშვნელოვანი ჯგუფები. 


პრემიერის შეფასებით, სწორედ ასეთია „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო", რომელიც უღელტეხილის მონაკვეთზე რთული საინჟინრო ნაგებობების მშენებლობას ახორციელებს. გიორგი კვირიკაშვილმა მათ გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პროექტს ზედამხედველობას უწევს ასევე საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია -  ILF-ისა და DB International-ის კონსორციუმი.


"მინდა, აქვე ვისარგებლო შემთხვევით და რკინიგზის უკვე ყოფილ დირექტორს, მამუკა ბახტაძეს გადავუხადო დიდი მადლობა გაწეული ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის და ასევე მინდა ვუსურვო მას წარმატება იმ პოზიციაზე, რომელსაც იგი დღეს უკვე იკავებს - ფინანსთა მინისტრის პოზიციაზე; დარწმუნებული ვარ ამ წარმატებაში", - აღნიშნა პრემიერმა. 


გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის განსაკუთრებულ  გეოგრაფიულ მდებარეობაზე გაამახვილა ყურადღება. პრემიერ-მინისტრის თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველო არის ბუნებრივი დერეფანი ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის, აქვს დიდი შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს რეგიონში, მათ შორის, ვაჭრობისა და ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით. 


"ჩვენ გვაქვს საშუალება, დავიბრუნოთ ისტორიული ფუნქცია ახალი აბრეშუმის გზის ფარგლებში. ამდენად, ეს პროექტი უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის ზრდის კუთხით. განვითარებული სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის და დიდი შესაძლებლობაა რეგიონალურ თუ საერთაშორისო დონეზე ბიზნესის წარმოებისთვის. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ თბილისი-მახინჯაურის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტი მნიშვნელოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებისთვისაც. ეს ორი პროექტი ერთობლივად, ფუნდამენტურად შეცვლის საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს და ეკონომიკურ ლანდშაფტს, ამიტომ მათი წარმატებით განხორციელება არის ჩვენი ქვეყნის მთავარი ამოცანა. ეს არის პროექტები, რომლებმაც უდიდესი გარდატეხა უნდა მოახდინოს ქვეყანაში. ჩვენთვის ცნობილია, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მოლაპარაკებაშია ასევე ჩინურ კომპანიებთან.

 

მინდა, საქართველოს მთავრობის სახელით ვთქვა, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, ამ პროექტში ჩინური მხარე ძალიან სერიოზულად იყოს წარმოდგენილი. სულ მალე, 28-29 ნოემბერს, საქართველოში ჩატარდება მნიშვნელოვანი ფორუმი, რომელსაც ჰქვია "ერთი გზა - ერთი სარტყელი". ეს ფორუმი გახლავთ ანარეკლი ჩინეთის მთავრობის, კონკრეტულად პრეზიდენტის ინიციატივისა, აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის აღდგენის თაობაზე. ჩვენ ველოდებით წარმომადგენლობით დელეგაციას ჩინეთიდან, ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლებს და მოხარულნი ვიქნებით, განვიხილოთ ახალი ეკონომიკური ინიციატივები ამ პროექტის ფარგლებში. და ბოლოს, მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ თითოეული ინვესტიცია, თითოეული პროექტი ემსახურება ჩვენი ხალხის კეთილდღეობას.

 

სწორედ ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ გაათმაგებული პასუხისმგებლობით და მონდომებით. ჩვენ ორიენტირებული ვართ სწორად დაგეგმვასა და მაღალ ხარისხზე. ჩვენი ამოცანაა, ეფექტიანად გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რომელიც ქვეყანაშია და ჩვენს მოქალაქეებს შევუქმნათ მყარი გარანტიები სტაბილური, მშვიდი და უკეთესი ცხოვრებისათვის. მჯერა, რომ ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 


ღონისძიებას საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ძი იანჩი,  "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს გენერალური დირექტორი" სიაო ჰონგვუ, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე, მთავრობის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს დიდი მადლობა გადაუხადა ორი ქვეყნის ხანგრძლივი ურთიერთობების მუდმივი მხარდაჭერისთვის. 


"ვეთანხმები ბატონი პრემიერ-მინისტრის შეფასებას ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებისა და აბრეშუმის გზის პროექტის შესახებ. ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოში არსებობს ბატონი კვირიკაშვილისნაირი სტრატეგიული ხედვის მქონე პოლიტიკოსი, რომელიც დიდ როლს ასრულებს საქართველოს აღმშენებლობაში და საქართველოსთვის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის მნიშვნელოვანი ფუნქციის მინიჭების საქმეში", - განაცხადა ძი იანჩიმ. 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 103
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია