საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რა და რატომ შეიცვლება სასკოლო სახელმძღვანელოებში - ინტერვიუ მარიამ ჯაშთან
2017/11/12 23:59:37
2018 წლიდან სკოლებში პირველი კლასიდან მე-6 კლასის ჩათვლით ყველა სახელმძღვანელო შეიცვლება. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განაცხადეს. უწყების ცნობით, სახელმძღვანელოების შეცვლა სახელმწიფოს 23 მილიონი ლარი დაუჯდება. სამინისტრომ წიგნების შეცვლის საჭიროება ახლანდელი სახელმძღვანელოების სირთულით ახსნა, თუმცა უწყებაში არ აკონკრეტებენ რა ცვლილებები შეიძლება შევიდეს წიგნის შინაარსობრივ ნაწილში. რა იცვლება და რატომ - ამ კითხვებზე „მაესტროსთან“ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა უპასუხა. 

 

 


-რატომ დადგა სახელმძღვანელოების შეცვლის საჭიროება? რა პრობლემა გვაქვს დღეს სწავლის პროცესში?

-მიხარია, რომ ჩვენ ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს, განათლების სისტემაში სახელმძღვანელოების შინაარსობრივი გადახედვის პროცესს, რომელიც აბსოლუტურად ახალი თაობის სასწავლო პროგრამასა და სახელმძღვანელოებს შესთავაზებს ჩვენს შვილებს. რატომ გახდა ცვლილება აუცილებელი? დამეთანხმებით, რომ პრაქტიკულად არ არსებობს ოჯახი, არ დარჩენილა მშობელი, უფროსი თაობის წარმომადგენელი, ბებიები და ბაბუები, რომელთაც არსებულ სახელმძღვანელოებზე ამა თუ იმ სახის კრიტიკა თუ შენიშვნა არ გამოეთქვათ. მეორე მნიშვნელოვანი მიზეზი იმისა, თუ რატომ არის შესაცვლელი სახელმძღვანელო, გახლავთ ის შედეგები, რომელიც საქართველოს მოსწავლეების მიერ საერთაშორისო შეფასების სისტემაში ფიქსირდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ქალაქების მასშტაბით ძალიან კარგი აკადემიური მოსწრება გვაქვს, საერთო მონაცემებით, ზუსტი მეცნიერების საგნებსა და უცხო ენებში სამწუხაროდ ჯერ კიდევ ევროპის მაჩვენებლებს ჩამოვრჩებით.

 

პრაქტიკულად, 7-8 წლის განმავლობაში სახელმძღვანელოები არ შეცვლილა. ამ პერიოდში ძალიან ბევრი მეცნიერული სიახლე, ასევე ნოვაცია დაგროვდა, რომელიც ახალ სახელმძღვანელოებში უნდა აისახოს. გარდა შინაარსობრივი პრობლემებისა, ძალიან ხშირად ვაწყდებოდით ტექნიკური ხასიათის შეცდომებს სხვადასხვა საგნის დისციპლინის წიგნებში. ასევე ფორმის, წონის, დიზაინის თვალსაზრისით და რაც მთავარია, ენობრივი სტანდარტის, სახელმწიფო ენის დაცულობის მხრივ ასევე მნიშვნელოვანი ხარვეზები იყო.



აქამდე განათლების სამინისტრო გასცემდა თანხმობას, ამტკიცებდა ამ სახელმძღვანელოების შინაარსს, რაც ნიშნავს, რომ მის კონტენტზე მთლიანად იყო პასუხისმგებელი და დღეს რა შეიცვლება, ვინ შეისწავლის და ვინ დაამტკიცებს? ამბობთ, რომ მშობლებს აქვთ გარკვეული პრეტენზიები, მაგრამ ალბათ მშობლები და ოჯახის წევრები არ არის საზოგადოების ის ნაწილი, რომელმაც სახელმძღვანელო უნდა დაამტკიცოს. ვის ანდობთ ხარისხის გაუმჯობესებას?



ბუნებრივია, სიახლე, ნოვაცია, რაც ახალი სახელმძღვანელოების შემუშავებაში ინერგება, არის შინაარსობრივი ასპექტის და ბეჭდვის პროცესის გამიჯვნა, რაც აქამდე არ მომხდარა. პირველ რიგში, განათლების სამინისტროში დაწყებულია პროცესი და სხვადასხვა ავტორთა მიერ 117 განცხადება 13 საგნის სახელმძღვანელოს სამუშაო ვერსიასთან დაკავშირებით უკვე მიღებულია. პირველ ეტაპზე, განათლების სამინისტრო გადაწყვეტილებას იღებს შინაარსობრივ ნაწილზე, რადგან დამეთანხმებით, რომ სახელმძღვანელოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ცოდნის მიწოდებისა და მეთოდოლოგიური მიდგომის ის ხარისხი, რომელიც შინაარსობრივი ცვლილების საშუალებას მოგვცემს და შემდგომ არის ტექნიკური სპეციფიკაცია, ვთქვათ, ბეჭდვასთან დაკავშირებით. ყველა სახელმძღვანელოს პროექტი, რომელიც განათლების სამინისტროშია შესული, პირველ ეტაპზე გაივლის რეცეზენტების - მასწავლებლების, შესაბამისი დარგის მეცნიერის, ბავშვთა ფსიქოლოგისა და ფილოლოგის რევიზიას.

 

მხოლოდ ამ საერთო ჯგუფის მიერ შერჩეული და რეკომენდებული სახელმძღვანელოების სამუშაო ვერსიები შემდგომ ხელმისაწვდომი იქნება ვებგვერდის საშუალებით ფართო საზოგადოებისთვის, რომ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მიეცეს საშუალება სახელმძღვანელოების ბეჭდვამდე საკუთარი რეკომენდაცია და რჩევა დააფიქსიროს კონკრეტულ ცვლილებებთან დაკავშირებით. ეს იქნება პროცესი, როდესაც მეცნიერთა ჯგუფებთან, აკადემიასთან, განათლების სამინისტროსთან ერთად საზოგადოება მაქსიმალურად ჩაერთვება იმ სახელმძღვანელოების შექმნის პროცესში, რომელიც ნამდვილად ჩვენი შვილების განათლებისთვის იქნება.

-თქვენ ყველა სახელმძღვანელოს საჯარო განხილვაზე გამოიტანთ? თუმცა ბუნებრივია, საბოლოო სიტყვა მაინც სამინისტროსი იქნება.

-ბუნებრივია. საჯარო განხილვა იმართება იმისთვის, რომ საზოგადოების თითოეულ წევრს, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს აკადემიური თვალსაზრისით, ან ობიექტურად მართებული რეკომენდაცია, ან თუნდაც ტექნიკური ხარვეზის გამოსასწორებლად შესაბამისი რჩევა, მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული. საჯარო განხილვას ველოდებით 2018 წლის დასაწყისში. ალბათ უფრო თებერვალში მოხდება სამუშაო ვერსიების განთავსება და ვფიქრობ, ეს ძალიან საინტერესო პროცესია, სადაც ნებისმიერ ადამიანი საკუთარი აზრის დადასტურებას შეძლებს. ჩვენი მიზანი არის ჩვენი შვილებისთვის საუკეთესო სახელმძღვანელოების შექმნა, რომელიც იქნება თანამედროვე მეცნიერებაზე დაფუძნებული და რა თქმა უნდა, ჩვენი, საქართველოს ისტორიის, კულტურის, ასევე ქართული ენის დაცულობის პრინციპებზე დაფუძნებული.



მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საგანი „მე და საზოგადოებაც“ უნდა შეიცვალოს. ეს საგანი, დიდი ხანია საზოგადოებაში კამათის თემაა. თქვენ როგორ ფიქრობთ, მიზანშეწონილია ეს საგანი ისწავლებოდეს? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ თქვენ გურამ კაშიას ირგვლივ განვითარებული მოვლენებისას განაცხადეთ, რომ არა ძალადობას, მაგრამ ასევე არა პროპაგანდას და ხომ არ თვლით, რომ „მე და საზოგადოება“ გარკვეულწილად შეიცავს პროპაგანდის ელემენტებს?



მინდა აღვნიშნო, რომ პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით აბსოლუტურად ყველა სახელმძღვანელო შეიცვლება. პრაქტიკულად, მოხდება განახლება იმ შინაარსობრივი ნაწილისა, რომელსაც ჩვენ ვაწვდიდით მოსწავლეებს. სამოქალაქო განათლება ერთ-ერთი საგანია იმ 13 საგანს შორის, რომელიც შეიცვლება. როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, ფიზიკის, გეოგრაფიის და ასე შემდეგ - ყველა სახელმძღვანელო იცვლება და ვფიქრობ, რომ სწორედ აქ არის ის სივრცე, სადაც თუკი რაიმე საკითხი ან კონცეპტუალური მიდგომა შეიძლება იყოს საკამათო, საჯარო განხილვების დროს შევჯერდეთ იმ მიდგომაზე, რომელიც იქნება როგორც ბავშვის ინტერესებიდან, ასევე პედაგოგის ინტერესებიდან და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე ყველაზე მისაღები.



რაც შეეხება ჩემს განცხადებას, როდესაც ჩემი დამოკიდებულება გამოვხატე გურამ კაშიას მხარდაჭერის აქციასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ მე 11 წელი გაერო-ს სისტემაში ადამიანის უფლებათა კუთხით ვმუშაობდი და ჯერ კიდევ 1999-2000 წლებში, როდესაც შიდსის პროგრამის შემუშავებას ვიწყებდით და მე გახლდით აღნიშნული პროგრამის მთავარი ავტორი, ეს იყო პერიოდი, როდესაც ძალიან ცოტა თუ საუბრობდა უმცირესობათა უფლებებზე, თავად ტერმინი ლგბტ-ც კი არ იყო იმ პერიოდში ფართოდ გავრცელებული, ძალიან აქტიურად ვმუშაობდი, როგორც ინტრავენურ ნარკომან მომხმარებელთან, ასევე მამაკაცებთან, რომლებსაც სექსუალური კავშირი მამაკაცებთან ჰქონდათ.

 

ამდენად, ადამიანის უფლებათა კუთხით, უდავოა, რომ ჩვენ, საზოგადოების არც ერთ წევრს არ გვაქვს უფლება, რომ რაიმე ტიპის ძალადობა იყოს გამოხატული, ან დისკრიმინაცია მოხდეს ჩვენი საზოგადოების ნებისმიერ წევრის მიმართ მათ მიერ გამოხატული მოსაზრების, ან მათი ცხოვრებისეული არჩევანიდან გამომდინარე. მაგრამ იგივე საერთაშორისო კონვენციებიდან გამომდინარე, ასევე ადამიანის უფლებათა კუთხით, თითოეულ ქვეყანას ასევე რჩება საკუთარი სუვერენული უფლება, მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც მისი ტრადიციებიდან, კულტურული კონტექსტიდან გამომდინარე არის ყველაზე მისაღები. „არა ძალადობაში“ ვგულისხმობდი არა ძალადობას და დისკრიმინაციას ლგბტ თემის თითოეული წარმომადგენლის მიმართ. თითოეული ადამიანი, შეხედულების თუ ცხოვრების წესის მიუხედავად, ბუნებრივია არის ჩვენი საზოგადოების ნაწილი და ჩვენი ვალია მათი უფლებების დაცვა და ბუნებრივია, მათი პოტენციალის გამოყენება ქვეყნისა და განვითარების სხვადასხვა მიმართულებით. „არა პროპაგანდაში“ მე ვგულისხმობდი არა უშუალოდ ლგბტ პროპაგანდას, არასწორი დეფინიციაა, როდესაც ზოგადად ლგბტ პროპაგანდას ვახსენებთ, არამედ პროპაგანდას იმ სექსუალური ორიენტაციის თუ ქცევის, რომელსაც ირჩევს ლგბტ თემის წარმომადგენელი. მე არ მეშინია ამის თქმის...



-არსებობს ეს პროპაგანდა საქართველოში, თქვენ ხედავთ ამას?


-მე ვერ ვხედავ ფართომასშტაბიან პროპაგანდას. ეს არის ძალიან ფაქიზი საკითხი. ჩემი მთავარი პოზიცია ეხებოდა იმას, რომ ეს საკითხი ძალიან ფაქიზია, პრაქტიკულად არ არსებობს ერთი პასუხი ან პოზიცია, რომელიც იქნება როგორც ადამიანის უფლებათა კუთხით გამართლებული, ისე საზოგადოებისთვის მისაღები ჩვენი ისტორიის, ტრადიციის და კულტურული კონტექსტიდან გამომდინარე, ამიტომ ყველაზე მართებულია, ჩვენ დავხუროთ საუბარი ამ საკითხზე. ისევე როგორც საქართველოს კანონმდებლობა უზრუნველყოფს ანტიდისკრიმინაციულ მიდგომას და გარანტიებს, მაგრამ ამასთანავე კონსტიტუციაში შევიტანეთ ქორწინების დეფინიცია, რომ ქორწინება გახლავთ მამაკაცისა და ქალის ნებაყოფლობითი კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, სწორედ ეს გამოხატავს როგორც საქართველოს ხელისუფლების, ასევე ჩვენი მოსახლეობის ფართო საზოგადოების მიდგომას, რომ ჩვენ ვიცავთ თითოეული ადამიანის უფლებას, მაგრამ ასევე ვფიქრობთ, არ არის აუცილებლობა ამდენი საუბრის, რომელიც ბუნებრივია, დაპირისპირებულ პოზიციებს იწვევს. დაპირისპირებული პოზიციების აუცილებლობა არ არის. ჩვენი პოზიცია ნათელია.



-განათლების კონტექსტში რომ შევაჯამოთ ჩვენი საუბარი, როგორ ფიქრობთ, განათლების სისტემას, განსაკუთრებით სკოლას, აქვს ის ფუნქცია, რომ ეროვნული ტრადიციები შეინარჩუნოს და გააგრძელოს, ბუნებრივია, ადამიანის უფლებების მთელი ამ საერთაშორისო სტანდარტებთან კონფლიქტის გარეშე?


აბსოლუტურად. ეროვნული სასწავლო გეგმის და ზოგადად, ქვეყნის განვითარების გეგმის მიზანი არის, როგორც ეროვნული ღირებულებების, ასევე ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების ხელშეწყობა და დანერგვა საზოგადოებაში. სამოქალაქო განათლებასთან დაკავშირებით ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა მივაწოდოთ შესაბამისი ცოდნა და ინფორმაცია ჩვენს შვილებს, რომელიც უკავშირდება ჯანმრთელობის საკითხებს, მათ შორის რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებს, მაგრამ აღნიშნული საკითხი უნდა იყოს მიწოდებული მაქსიმალურად ფართო მსჯელობის და საზოგადოებისთვის მისაღები ფორმატით. არსებობს არაერთი მაგალითი, მე გახლდით გაერო-ს მისიების ფორმატით ვატიკანში არაერთ შეხვედრაზე, როდესაც გაერო-ს პროგრამებთან დაკავშირებით რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე გვქონდა საუბარი.

 

ძალიან ხშირად იმართებოდა საკონსულტაციო შეხვედრები ეკლესიის წარმომადგენლებთან, მათ შორის ვატიკანის, პაპის საკონსულტაციო ჯგუფის წევრებთან. ამდენად ეს აბსოლუტურად ნორმალური პროცესია, რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებში ჩვენ კონსულტაციის სახით ჩართულები გვყავდნენ, როგორც ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის, ასევე სხვა კონფესიის წარმომადგენელები, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოება და საზოგადოებისა მეცნიერების ფართო წრეები.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 109
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია