საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რა პერსპექტივა აქვს თხილის ინდუსტრიაში ქართულ თხილს? - ამ თემაზე თბილისში თხილის ფორუმი გაიმართა
2017/09/06 20:22:03

თხილის სექტორში არსებულ ვითარებასა  და დარგის წინაშე  მდგარ  გამოწვევებზე იმსჯელეს თხილის მე-4 ფორუმზე, რომელიც თბილისში, საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ გაიმართა. ფორუმს  სოფლის მეურნეობის მინისტრი  ლევან დავითაშვილი დაესწრო და მისასალმებელი სიტყვით  ფორუმის მონაწილეებს მიმართა.

 

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა მეთხილეობის  განვითარების მნიშვნელობა და ის დიდი საექსპორტო პოტენციალი, რომელიც დარგს გააჩნია. ლევან დავითაშვილმა იმ გამოწვევებზე  გაამახვილა ყურადღება, რომლის წინაშეც მეთხილეობის დარგი წელს დგას და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი იყო ის ღონისძიებები, რომლებიც სახელმწიფომ ამერიკელი პარტნიორების, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP)   მხარდაჭერით, ახალი მავნებლის - აზიური ფაროსანას წინააღმდეგ  გაატარა. მავნებელთან ბრძოლის პირველ ეტაპზე 53 ათასი  ჰექტარი თხილის ფართობი  შეიწამლა სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებსა და აჭარაში. 

 

  მავნებელთან ბრძოლა გრძელვადიანი პროცესია და სახელმწიფო მუშაობს  კონკრეტულ სამოქმედო  გეგმაზე,  იმისათვის რომ მომავალი წლისთვის მავნებლის პოპულაცია შემცირდეს. ამასთან უმნიშვნელოვანესია  მოსახლეობის ჩართულობა და ქიმიურ პრეპარატებთან ერთად მავნებლის მექანიკური მეთოდებით განადგურება.  თუმცა  გარდა აზიური ფაროსანასი, უხვი ნალექებით გამოწვეულმა კლიმატურმა გარემომ ხელი შეუწყო თხილის სხვადასხვა ჯგუფის სოკოვანი ორგანიზმების გაჩენას. სახელმწიფოს ჩარევით, სამინისტროს შესაბამისი სამსახურების, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა,  მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად  ბრძოლის მეთოდოლოგია შეიმუშავეს და  სამომავლოდ პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდება ფერმერებს.


„თხილის ფორუმზე ჩვენ შეგვიძლია გარკვეულწილად მიმდინარე წლის შედეგები შევაჯამოთ.  საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ წელს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა კლიმატური პირობებიდან გამომდინარე  და ბოლო ორი წელია ნედლეულთან დაკავშირებით საქართველოში გარკვეული პრობლემებია. შესაბამისად ის, რომ თხილის ინდუსტრია იზრდება, ეს, რა თქმა უნდა, ეფუძნება ხარისხიან სანედლეულო ბაზას და სწორედ ამაზე ვსაუბრობთ ფორუმზე. ყურადღება გავამახვილეთ საერთაშორისო პროექტებზე, თხილის ინდუსტრიაში ქართული თხილის პერსპექტივებზე, იმ ცვლილებებზე რომელიც თხილის ინდუსტრიის რეგულაციის კუთხით განხორციელდა“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

 სოფლის მეურნეობის სამინისტროს და  სისტემაში შემავალი უწყებების წარმომადგენლებმა დარგის განვითარების მიზნით გატარებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე ვრცლად ისაუბრეს.  მეთხილეობის  განვითარების, მოსავლიანობის გაზრდის და მაღალი ხარისხის პროდუქციის მისაღებად სახელმწიფომ   გადადგა კონკრეტული ნაბიჯები, გაშენდა 531 ჰექტარი  ახალი ბაღები (სამეგრელოში, გურიაში, იმერეთსა და კახეთში),მიღებულია თხილის ტექნიკური რეგლამენტი,   აქტიურად მიმდინარეობს  საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს საექსპორტო პოტენციალის ზრდას.


შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. დარგობრივი ასოციაციების წევრებმა, ფერმერებმა, ყურადღება გაამახვილეს ინფორმირებულობის გაზრდის  და  თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისების აუცილებლობაზე.


თხილის ფორუმს მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის (IPPC) გენერალური მდივანი ჯინგუენ შია და ევროპისა და  ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO) გენერალური დირექტორი მარტინ ვორდი, ფერმერები, დარგობრივი ასოციაციების ,საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესსექტორის  და საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 


ფორუმი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)  საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) და USAID/ G-HIP მხარდაჭერით ჩატარდა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6549
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია