საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
გზა დაბალი ემისიის და მოქნილი კლიმატის მქონე მომავლისაკენ!
2017/07/31 13:07:37

 

მსოფლიოში გარემოს დამცველები, ექსპერტები და სპეციალისტები ათეული წელია გლობალურ დათბობის გამომწვევ შედეგებზე საუბრობენ. ისინი სახელმწიფოებს კომპლექსურ მიდგომას და საადაპტაციო გეგმის შემუშავებას თხოვენ, რათა სოციალ-ეკონომიკურ ჭრილში ქვეყნებმა და მსოფლიომ ნაკლები ზიანი მიიღოს. გარემოს დამცველები თანხმდებიან იმაზე, რომ სათბური გაზების შემცირება გლობალური დათბობის პრევენციისკენ ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.

 

ემისიების შემცირებაზე, გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის ფარგლებში,  2015 წლის 12 დეკემბერს პარიზში 195 ქვეყანა შეთანხმდა. ეს იყო ამ მიმართულებით პირველი შეთანხმება, რასაც ხელი ერთობლივად მოეწერა.  ქვეყნებმა აიღეს ვალდებულება, რომ ეკონომიკური განვითარების პარალელურად, შეამცირებენ კლიმატის ცვლილების გამომწვევი სათბური გაზების გაფრქვევებს და დაბალემისიანი განვითარების გზით შეინარჩუნებდნენ საშუალო წლიური გლობალური ტემპერატურის ზრდას 2 გრადუსის ფარგლებში.

 

პარიზის შეთანხმებაზე ხელმომწერი ქვეყნების ლიდერები კარგად აცნობიერებდნენ, რომ ამის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა კლიმატის ცვლილების ისეთი უარყოფითი შედეგების შეჩერება, როგორებიცაა წყალდიდობები, მეწყერები, ზღვის დონის მატება, შტორმები, სანაპიროების წარეცხვა, მყინვარების დნობა, მტკნარი წყლის მარაგის შემცირება, გაუდაბნოების პროცესები, მოსავლიანი მიწების დეგრადაცია, ტყის საფარის შემცირება, ნალექების გახშირება, გვალვები, ზოგ ადგილებში პირიქით აცივება, ინფრასტრუქტურის დაზიანება და ადამიანური მსხვერპლი.

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, ხელშეკრულებას ხელი 2016 წლის 22 აპრილს, ქ.ნიუ-იორკში მოაწერა. 

 

2017 წელს ჩვენი ქვეყანა ოფიციალურად შეუერთდა პარიზის შეთანხმებას, რომელიც საქართველოსთვის ძალაში შევიდა 7 ივნისიდან. ცოტა ხნის წინ, კი საქართველოში საინფორმაციო შეხვედრა მოეწყო ევროკავშირის კლიმატის დიპლომატიის კვირეულის ფარგლებში. შეხვედრას ევროკავშირის ელჩი, დარგის სპეციალისტები და ექსპერტები ესწრებოდნენ.  

 

შეხვედრაზე ექსპერტების მხრიდან აღინიშნა, რომ პარიზის შეთანხმება საშუალებას იძლევა, თანამედროვე ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების გამოყენებით დიდმა და პატარა, განვითარებულმა და განვითარებადმა ქვეყნებმა ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეუწყონ ჯანსაღ გარემოში ცხოვრებას, ენერგოუსაფრთხოებას, კონკურენტუნარიან წარმოებასა და მსოფლიოს მდგრად განვითარებას.

 

პარიზის შეთანხმების ეფექტური და თანმიმდევრული განხორციელების მიზნით საქართველოს მზად აქვს „ეროვნულად განსაზღვრული წვლილის“ დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ქვეყნის ხედვა სათბურის გაზების გაფრქვევების შემცირებისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის მიმართულებით. კერძოდ, საქართველო გეგმავს, რომ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორიდან 2030 წლამდე ეტაპობრივად შეამციროს სათბურის გაზების გაფრქვევა 15-25%-ით.

 

ექსპერტი მარინა შვანგირაძე საქართველოს დაბალემისიებიანი სტრატეგიის შემუშავებაში აქტიურად არის ჩართული. „საქართველოს დაბალემისიებიანი განვითარების სტრატეგიის  მომზადება მთავრობამ დაიწყო 2014 წელს. პროექტს აფინანსებს და ტექნიკურ დახმარებას უწევს UშAID. პირველი წელიწადნახევარი ფაქტიურად იყო კონსულტაციები ლედსის კომიტეტში შემავალ სახელმწიფო სტრუქტურებს შორის, პარალელურად მუშაობდნენ ექსპერტთა სამუშაო ჯგუფები სექტორების მიხედვით. დოკუმენტი განიხილავს შემდეგ სექტორებს: ენერგეტიკა (გენერაცია, მიწოდება, დისტრიბუცია); მოხმარება (ტრანსპორტი, შენობები, მრეწველობა); მიწათსარგებლობა და ტყეები; სოფლის მეურნეობა; სამრეწველო პროცესები და ნარჩენების მართვა. საბოლოო დოკუმენტი უნდა ჩაბარდეს მთავრობას 2017 წლის სექტემბერში, რის შემდეგაც მოხდება ფართო განხილვები. დოკუმენტში გარდა ემისიების შემცირების სტრატეგიისა და კონკრეტული ღონისძიებებისა, განხილული იქნება სტრატეგიის განხორციელებაზე მონიტორინგი, რათა მოხდეს დოკუმენტის პერიოდული განახლება; ტექნოლოგიების შემოტანის ბარიერები და განმახორციელებელი სტრუქტურა.  ამავე ტექნიკური დახმარების ფარგლებში საქართველოს 10 მუნიციპალიტეტს და თვითმმართველ ქალაქს, რომელმაც ხელი მოაწერა ევროკავშირის მერების შეთანხმებას დახმარება გაეწია ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმის (შEAP) მომზადებაში. დოკუმენტში განსაზღვრული იქნება სათბურის გაზების ის რაოდენობა, რომელსაც ქვეყანა სავარაუდოდ მიაღწევს 2030 წლისათვის და რამდენის შემცირება შეიძლება იდენტიფიცირებული და შეთანხმებული ღონისძიებებით.“ - აღნიშნავს მარინა შვანგირაძე.

 

ასოცირების შეთანხმების ხელშეკრულებაში ამ მიმართულებით  ვალდებულებები აკისრია საქართველოს. პარალელურად ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაში ევროკავშირი იღებს ვალდებულებას ითანამშრომლოს საქართველოსთან "ლედსის" განხორციელების პროცესში. საქართველომ უნდა მოამზადოს ეს სტრატეგია, რაც კეთდება. ასევე ევროკავშირი, უკვე მერების შეთანხმების ფარგლებში სისტემატურად აცხადებს ტენდერებს შEAP-ებში განხილული საპროექტო წინადადებების განხორციელებაზე.

 

თუმცა ცალკე საკითხად რჩება პარიზის შეთანხმების შესრულება. მარინა შვანგირაძე ვარაუდობს, რომ მოსამზადებელი სამუშაოები სახელმწიფოს შესაბამისი უწყებებიდან დროულად დაიგეგმება და განხორციელდება. “პარიზის შეთანხმება ძალაში შედის 2020 წლიდან, მანამდე მოსამზადებელი პერიოდია და უნდა მომზადდეს ქვეყნის მიერ შესატანი წვლილის განხორციელების სამოქმედო გეგმა. საქართველოს კონტრიბუცია ენერგეტიკის სექტორში კარგ შესაბამისობაშია "ლედსის" მიზანთან და პირიქით "ლედსი" ეყრდნობა პარიზის ხელშეკრულებისათვის წარდგენილ დოკუმენტს, რომელსაც ქვია "ქვეყნის მიერ განსაზღვრული სავარაუდო წვლილი (INDჩ), რომლის მიხედვით საქართველო აპირებს აიღოს ვალდებულება თავისი ძალებით სათბურის გაზების ემისიების შემცირებაზე 15%-ით ტრადიციული ბიზნესის გზით (ე.ი. ღონისძიებების გატარების გარეშე) განვითარების შემთხვევაში მოსალოდნელი ემისიებიდან, და  25%-ით საერთაშორისო დახმარებების არსებობის შემთხვევაში.“- აცხადებს ექსპერტი მარინა შვანგირაძე.

 

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინი პარიზის შეთანხმების შესახებ წერილს ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ, რომ: “თანდათან ყველა აღიარებს, რომ ერთობლივი მოქმედება ერთადერთი გზაა. დღეს, უწინდელზე მეტად, ევროპა ამ ნიშანდობლივი შეთანხმების ერთგულია და მისი განხორციელებისთვის გზას კვალავს, როგორც ქმედითი კლიმატის პოლიტიკის, ასევე გაძლიერებული თანამშრომლობის მეშვეობით და მჭიდრო პარტნიორობის დამყარებით; აგრეთვე, საზოგადოების ყველაზე ღარიბი და მოწყვლადი ნაწილის მუდმივი მხარდაჭერით: ვხედავთ, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი იცვლის საცხოვრებელს; ბევრი უკიდურეს გაჭირვებაში ვარდება კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გვალვებისა და წყალდიდობების გამო.

 

ევროპისთვის კლიმატის ცვლილებასთან გამკლავება პოლიტიკური პასუხისმგებლობისა და მრავალმხრივი თანამონაწილეობის, ისევე როგორც უსაფრთხოების, კონფლიქტებისა და თვით რადიკალიზაციის პრევენციის საკითხია. სწორედ ამიტომ, ევროკავშირი არ გადასინჯავს პარიზის შეთანხმების პირობებს. მასზე მოლაპარაკებებმა უკვე წაგვართვა 20 წელი. ახლა მოქმედების დროა და მთელი მსოფლიოსთვის პრიორიტეტი მისი განხორციელებაა. დაბალი ემისიის და მოქნილი კლიმატის მქონე მომავლისაკენ გლობალური გარდაქმნის დასაჩქარებლად, დავიწყეთ არსებული პარტნიორობის გაძლიერება და ახალი კავშირების დამყარება, როგორც მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან, ისე ყველაზე მოწყვლად კუნძულ-სახელმწიფოებთან; რადგან არქტიკიდან საჰელამდე, კლიმატის ცვლილება დღევანდელი რეალობაა და არა მომავლის შორეული ცნება.”  

 

ევროკომისიაში ელოდებიან, რომ თითოეული ქვეყანა შეასრულებს პარიზის შეთანხმებას და სიტყვას საქმედ აქცევს კლიმატის ეროვნული გეგმების აღსრულებით და დროთა განმავლობაში ძალისხმევის კიდევ უფრო გაძლიერებით. ისინი ფიქრობენ, რომ გეგმები უნდა გახდეს უფრო კონკრეტული, მიიღოს პოლიტიკისა და ღონისძიებების სახე, რათა შესაძლებელი გახდეს მათი  გამოყენება, თანაც დაუყოვნებლივ.

 

პარალელურად პარიზის შეთანხმების ხელმომწერმა ქვეყნებამ კლიმატის ცვლილების უარყოფით შედეგებთან ადაპტაციის უნარის გაზრდას, ენერგეტიკის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და ნარჩენების მართვის სექტორებში თანამედროვე კლიმატ-გონივრული ტექნოლოგიების დანერგვას უნდა შეუწყონ ხელი. ამ აქტივობების განსახორციელებლად კი ფინანსური ნაკადების შესაბამისობის უზრუნველყოფა უნდა მოახდინონ, რათა თავიდან აცილებული იქნებს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სტიქიური უბედურებები. 

 

 მარიკა ვაჭარაძე                                                             

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3812
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია