საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
უშუს ევროპის ჩემპიონატში გამარჯვებულმა ქართველმა სპორტსმენებმა მედლები ქართული სპორტის მუზეუმს გადასცეს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/06/16 19:14:43

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა უშუს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდის წევრები დღეს ქართული სპორტის მუზეუმში მიიღო.



უშუს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ვერულიძემ ქართული სპორტის მუზეუმს ევროპის ჩემპიონატისათვის დამზადებული მედლები და სხვა სამახსოვრო პრიზები უსახსოვრა, ხოლო ტარიელ ხეჩიკაშვილს ევროპის უშუ-კუნგფუს ფედერაციის პრეზიდენტის რეიმონ სმიტის სამადლობელი წერილი გადასცა, სადაც ნათქვამია:

„ძვირფასო მინისტრო, ევროპის უშუ-კუნგფუს ფედერაციის ხელმძღვანელებისთვის ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან შეხვედრა თბილისში გამართული ევროპის ჩემპიონატის დროს. ჩვენი ფედერაცია მადლობას გიხდით საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციისა და მისი პრეზიდენტის გიორგი ვერულიძის მიმართ გაწეული მხარდაჭერისთვის. ასევე მსურს მოგილოცოთ საქართველოს გუნდის დიდი წარმატება: თქვენი გუნდიდან ევროპის ჩემპიონატში 37 სპორტსმენი მონაწილეობდა, რომლებმაც 8 ოქროს, 3 ვერცხლის და 20 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ღონისძიებამ, ქართველი ხალხის მასპინძლობამ და ღონისძიების ორგანიზატორებმა მონაწილე გუნდების მხრიდან ბევრი კომპლიმენტი დაიმსახურეს".



„პირველ რიგში ვულოცავ საქართველოს უშუს ნაკრებს ამ დიდ წარმატებას - ევროპის ჩემპიონატზე ოცდაათზე მეტი მედლის მოგება ნამდვილად არაა სახუმარო ამბავი. ასევე მსურს უშუს ეროვნულ ფედერაციას მივულოცო ევროპის ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩატარება და მომავალში კიდევ არაერთი საერთაშორისო შეჯიბრების მიღება ვუსურვო. დღეს უშუს ფედერაციის ხელმძღვანელმა ბატონმა გიორგიმ ქართული სპორტის მუზეუმს მედლები და სამახსოვრო პრიზები გადასცა. მიხარია, რომ ჩვენს მუზეუმში ბოლო დროს სულ უფრო მეტი პრიზი თუ ჯილდო იყრის თავს. აშკარაა, რომ უახლოეს მომავალში ქართული სპორტის მუზეუმის გაფართოება მოგვიწევს, რის გამოც, ცხადია, მოხარულები ვართ", - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.



„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ევროპის ჩემპიონატის მაღალ დონეზე ორგანიზებაში დაგვეხმარა, პირველ რიგში კი, ცხადია, ბატონ ტარიელ ხეჩიკაშვილს, რომლის სახელზეც ევროპის ფედერაციიდან სამადლობელი წერილი მივიღეთ. ამ ტურნირის მასპინძლობა ჩვენთვის ერთგვარ გამოწვევად იქცა და დარწმუნებული ვარ გაისად, როცა კიდევ ერთ დიდ საერთაშორისო შეჯიბრებას ვუმასპინძლებთ, გამოხმაურება უფრო დიდი იქნება. რაც შეეხება ამ პრიზებს, ვფიქრობ ამ მედლების და ჯილდოების ადგილი სწორედ ქართული სპორტის მუზეუმშია", - განაცხადა საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ვერულიძემ.

 

ევროპის მე-2 ჩემპიონატი ვინჩუნში და მე-4 ჩემპიონატი კუნგფუში (ტრადიციული უშუ) თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში 11-21 მაისს გაიმართა. კონტინენტის პირველობაზე 28 ქვეყნის 758-მა სპორტსნმა იასპარეზა.



საქართველოს ნაკრებმა ჯამში 8 ოქროს, 3 ვერცხლის და 20 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.



ვინჩუნში, უფროსებს შორის მედლებს დაეუფლნენ: თორნიკე ნანიკაშვილი (ოქრო და ბრინჯაო), ზაზა ზაზარაშვილი (ოქრო), ავთანდილ კაკულია (ოქრო), ლიკა წულუკიძე (ოქრო), ნიკა სანაია (2 ბრინჯაოს მედალი).



ტრადიციულ უშუში, ახალგაზრდებს შორის მედალოსნები გახდნენ: ელენე მახარაძე (ოქრო და ბრინჯაო), რაულ მამედოვი (ვერცხლი), მარიამ თურმანიძე (2 ბრინჯაო), ლუკა ხუტიაშვილი (ბრინჯაო), გიორგი გერმანოზაშვილი (ოქრო), ალექსანდრე კუჭავა (ბრინჯაო), ნიკოლოზ გლახოშვილი (ბრინჯაო), მარიამ მეცხვარიშვილი (ოქრო), პეტრე წიკლაური (ბრინჯაო), სერგი დოღონაძე (ვერცხლი), კონსტანტინე ბერძენიშვილი (ბრინჯაო), თეკლა კობახიძე (ბრინჯაო), ლუკა ბალანჩივაძე (ბრინჯაო), ამირან ადამაძე (ოქრო).



უფროსებს შორის წარმატებას მიაღწიეს: ნინო ჩიხლაძემ (ბრინჯაო), დავით გულისაშვილმა (ვერცხლი), მაკა გაბესკირიამ (ბრინჯაო), მანუჩარ კვაშილავამ (ბრინჯაო), ბიძინა ონოფრიშვილმა (ბრინჯაო), ლევან გასვიანი (ბრინჯაო), ლუკა მასხულია (ბრინჯაო), გიორგი ბანცური (ბრინჯაო).



ჩემპიონატის დღეებში, ევროპის უშუ-კუნგფუს ფედერაციის კონგრესის გადაწყვეტილებით, საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ვერულიძე ევროპის უშუ-კუნგ ფუს ფედერაციის გამგეობის წევრად აირჩიეს.




'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 10919
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია