საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
თანამშრომლობა
განათლების სამინისტრომ პედაგოგთა თავისუფალ პროფკავშირებთან დარგობრივი შეთანხმება გააფორმა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/03/17 19:55:45

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო უწყებაა საქართველოში, რომელმაც თავისუფალ პროფკავშირებთან დარგობრივი შეთანხმება გააფორმა.


საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა ხელშეწყობასა და მათ მხარდაჭერაზე ორიენტირებულ დარგობრივ შეთანხმებას, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირსა (სპმთპ) და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის, 16 მარტს მოეწერა ხელი.

 

დარგობრივი შეთანხმების ძირითადი პრინციპებია: კანონმდებლობის დაცვა; საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომითი, სოციალურ–ეკონომიკური, სამართლებრივი და პროფესიული ინტერესებისა და უფლებების დაცვა; მხარეთა თანასწორუფლებიანობა; ვალდებულების აღების ნებაყოფლობითობა; ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლი და პასუხისმგებლობა; ხარისხიანი განათლების მიღების ხელშეწყობა.

 

შეთანხმებაში ასახულია ყველა ის მიმართულება, რაც სრულყოფაში მოიყვანს სამინისტროსა და პროფკავშირს შორის თანამშრომლობას და სოციალურ დიალოგს, რომელიც ბოლო წლებში აქტიურად ხორციელდება.

 

სპმთპ არის მსოფლიოს განათლების სისტემაში დასაქმებულთა საერთაშორისო ორგანიზაცია ,,განათლების ინტერნაციონალის (EI)“, ,,ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტის (ETUCE)” წევრი ორგანიზაცია და მისი პრეზიდენტი წარმოადგენს ,,ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტის (ETUCE)” არჩეულ წევრს. დღეისათვის საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირში გაერთიანებულია საგანმანათლებლო დაწესებულებების 40 000–ზე მეტი დასაქმებული, რაც ერთ-ერთი საფუძველია დარგობრივი შეთანხმების გაფორმებისათვის.

ამ შეთანხმების გაფორმებას ეხმაურება თავად სპმთპ-ს ხელმძღვანელი, ქალბატონი მაია კობახიძე, რომელიც მადლობას უხდის განათლების მინისტრს ამ დემოკრატიული ნაბიჯისათვის:

დარგობრივი შეთანხმება არის მყარი გარანტია პედაგოგთა შრომითი, სოციალურ–ეკონომიკური, სამართლებრივი და პროფესიული უფლებების დაცვის. 
სოციალურ პარტნიორებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ძირითადი დოკუმენტის გაფორმების შესახებ, საქართველოს ვიცე–პრემიერის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილება ნათელი დადასტურებაა ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებისა და დემოკრატიული მართვის პრინციპების დამკვიდრების. 


დარგობრივი შეთანხმება უზრუნველყოფს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს შორის სოციალური დიალოგისა და დიალოგის ფორმატში კონფლიქტების მოგვარების ინსტიტუციონალიზაცია, რაც საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებულთა უფლებების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.


სპმთპ, პედაგოგთა სახელით მადლობას უხდის განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დემოკრატიულ პრინციპებზე დაყრდნობით, პედაგოგთა ინტერესების დაცვის მიზნით მიმდინარე თანამშრომლობისა და პედაგოგთა მხარდაჭერისათვის.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1132
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია