საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ჟურნალისტური გამოძიება
რამდენი მილიონი და რა ქონება მიიღო ქუთაის-გაენათის ეპარქიამ ქუთაისის ბიუჯეტიდან?
2017/03/14 10:53:00

 

 ყველა კვლევის თანახმად, საქართველოში  ეკლესია დღემდე ყველაზე დიდი ნდობით სარგებლობს საზოგადოებაში, თუმცა რა ხდება რეალურად ჩვენი თვალსაწიერის მიღმა და როგორ მიმდინარეობს შიდა პროცესები, ეს ყოველთვის ტაბუდადებული თემა იყო. ხშირად ამ საკითხზე დასმული კითხვები უპასუხოდ რჩება ხოლმე.


თუმცა, დედა ეკლესიაში რომ მთლად ყველაფერი რიგზე ვერაა და მინიმუმ ფინანსურ დარღვევებთან თუ სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას აქვს ადგილი, ამას ამ უკანასკნელ პერიოდში ყველაზე გახმაურებული შიდა საეკლესიო ამბებიც ცხადყოფენ.


სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეკლესიის დაფინანსება ახალი ამბავი არაა, თუმცა თანხების ხარჯვის მიზნობრიობა დღემდე ბუნდოვანია. ჩვენ შევეცადეთ, გაგვერკვია, ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ბოლო ათწლეულის მანძილზე რა თანხები თუ ქონება მიიღო ქუთაის-გაენათის ეპარქიამ და რას მოხმარდა ეს თანხები.


როგორც ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, ზვიად ჯავახიამ გვაცნობა, 2007 წლიდან დღემდე ქუთაის გაენათის ეპარქიას ბიუჯეტიდან მიღებული აქვს 1 014 000 ლარი.  კერძოდ: 2007 წელს  - 33 ათასი ლარი, 2008 წელს -99 ათასი ლარი,  2009წელს - 45 ათასი ლარი, 2010წელს - 40 ათასი ლარი, 2011წელს -71 ათასი ლარი. 2012 წელს - 45 ათასი ლარი. 2013 წელს - 202 ათასი ლარი.  2014 წელს - 350 ათასი ლარი. 2015 წელს - 57 ათასი ლარი. 2016წელს - 72 ათასი ლარი. თუმცა სად წავიდა ეს თანხები და რაში დაიხარჯა ამაზე პასუხს მერია ვერ გვცემს, რადგან იგი არ აწარმოებს ამ თანხების მონიტორინგს და არც ერევა ეპარქიის საქმეში.    თავის მხრივ, ეპარქიაც თავს არიდებს შეკითხვებზე პასუხის გაცემას.

 

ქუთაის-გაენათის ეპარქიაში ქუთაისის ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხები წლების მიხედვით


 

ერთადერთი ზოგადი ინფორმაცია თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელმა,  ირაკლი ავალიანმა მოგვაწოდა, რომელმაც გვითხრა, რომ  ქუთაისის ბიუჯეტიდან ეპარქიაში ყოველწლიურად გადარიცხული თანხების მიზნობრიობა არის ტაძრების განათებების მოწესრიგება და ეკლესიების მშენებლობა.


მისივე განმარტებით, მაგალითად, 2016 წელს გამოყოფილი 72 000 ლარიდან დაფინანსდა გელათისა და ბაგრატის ტაძრების  განათებები და რამდენიმე ეკლესიის მშენებლობა. ასევე ირაკლი ავალიანის თქმით:ეპარქია არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია, მათი ხარჯების ინსპექტირება ჩვენ მიერ არ ხდება, ჩვენ ვრიცხავთ თანხას კონკრეტული შემსრულებლის სახელზე და შემდეგ ისინი ფაქტურებს აგზავნიან ხაზინის ერთიან ეროვნულ სისტემაში.“


თუმცა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, მიღება-ჩაბარების აქტებს და მათ გადაგზავნას ხაზინაში, აქვს ფორმალური ხასიათი და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე რეალურად ამოწმებს, შესრულდა თუ არა კონკრეტული სამუშაოები და გაიხარჯა თუ არა თანხები მიზნობრივად.


ჩვენ ასევე შევეცადეთ, გაგვერკვია, თუ რა ტერიტორიები თუ მიწის ნაკვეთები გადასცა მერიამ ეპარქიას და მათი რაოდენობა ყოველ წელს იზრდება თუ - პირიქით.


ქუთაისის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2002 წელს გადაცემულია 2 მიწის ნაკვეთი, 2003-2006 წლებში - 4 მიწის ნაკვეთი, 2007 წელს- 2 მიწის ნაკვეთი, 2008 წელს- 2 შენობა ნაგებობა, 1 მიწის ნაკვეთი და 2 სკვერი, 2009 წელს - 1 მიწის ნაკვეთი და 1 სკვერი, 2010 წელს - 6 სკვერი, 3 მიწის ნაკვეთი, 2012 წელს- 3 მიწის ნაკვეთი და 2 შენობა -ნაგებობა, 2013 წელს- 2 სკვერი და 4 მიწის ნაკვეთი და 3 მწვანე ზოლი, 2014 წელს- 2 სკვერი და 2 მწვანე ზოლი.


მიწის ნაკვეთი და სკვერი განკუთვნილია ეკლესიის მშენებლობისთვის, ხოლო შენობა ნაგებობა საბავშვო ბაღის ან საეკლესიო ბიბლიოთეკის ფუნქციონირებისთვის.როგორც მერიაში განგვიცხადეს, აღნიშნული ტერიტორიები ეპარქიას მიმართვისა და თხოვნის საფუძველზე გადაეცა.


ამ სტატიაზე მუშაობისას ჩვენ დავინტერესდით, ქუთაისში არსებულ სხვა კონფესიებსაც თუ მიუღიათ რაიმე თანხა ან ქონება ქალაქის ბიუჯეტიდან, რაზეც ასეთი პასუხი მივიღეთ: „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ არ მომხდარა უძრავი ქონების გადაცემა სხვა კონფესიებისათვის და არც რომელიმე კონფესიის დაფინანსება მომხდარა ქუთაისის ბიუჯეტიდან.“


და, კიდევ ერთი ფაქტი, რომლის აღნიშვნაც საჭიროდ მივიჩნიეთ ამ წერილში: ჟურნალისტი დალი ბარაბაძე, რომელიც საპატრიარქოს რადიოში მუშაობდა, ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტს, მეუფე კალისტრატეს დღემდე ადანაშაულებს თანხის, 8000 ლარის მითვისებაში. მისივე თქმით, მერიამ ეს თანხა გამოყო ეპარქიის რადიოსთვის და იმ გადაცემისთვის, რომელსაც დალი ბარაბაძე ამზადებდა, თუმცა თანხა არ მოხმარდა არცერთ გადაცემას. ამ საკითხზე  ჟურნალისტის სარჩელი პირველ ინსტანციაში განიხილა მოსამართლე ციცინო კიკვაძემ, რომელმაც მოსარჩელის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა ჟურნალისტი მეუფის წინააღმდეგ საქმის შეწყვეტას არ აპირებს.

 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დალი ბარაბაძე მეუფე კალისტრატეს სამსახურიდან უკანონო გათავისუფლებაშიც ედავება. მისი თქმით, როცა მან ზემოთაღნიშნული თანხის მეუფისგან მითვისების საკითხზე ხმამაღალი განცხადებები გააკეთა, კალისტრატემ ის სამსახურიდანაც კი გაათავისუფლა. აღნიშნულ საკითხზე სასამართლო დავა ამჟამად პირველ ინსტანციაში მიმდინარეობს. საქმეს განიხილავს მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე.

 

ეს ყველაფერი, რასაც ამ წერილში შევეხეთ და ეკლესიის სფეროში ბოლო ხანს განვითარებული მოვლენები თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ საჭირო და აუცილებელიც კია, რომ კონტროლდებოდეს ბიუჯეტიდან ეკლესიაში გადარიცხული თანხები და საზოგადოებამ იცოდეს, რა კეთდება და სად იხარჯება ფული.


ჩვენ კი ამ საკითხებზე გამოძიებას კვლავ გავაგრძელებთ.

 

 

ნატო გუბელაძე, მეგი კაკაბაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 726
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია