საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ელისო ჩაფიძე მთავრობის წევრებს ღია წერილით მიმართავს
2016/02/19 14:36:35

ტყიბულელი მაღაროელები რამდენიმე დღეა გაფიცული არიან. მათი მდგომარეობის შესახებ პარლამენტის ტრიბუნიდან რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმაც გააკეთა განცხადება და ქვეყნის მთავრობის წევრებს გარდა, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ივანიშვილსაც მიმართა. ტყიბულის მაჟორიტარი ელისო ჩაფიძე ამჯერად ღია წერილს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

 

 

ღია წერილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს,
საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ბატონ ნოდარ ხადურს,
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბატონ გია ვოლსკის,


ბატონებო,

მოგეხსენებათ, რა მძიმე ვითარებაა შექმნილი ტყიბულის მაღაროებში როგორც შრომითი პირობების, ასევე ანაზღაურების კუთხით. ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონის ამოქმედებამ. საქმე ის გახლავთ, რომ კანონის 1999 წლის რედაქციით ტყიბულის რაიონი და მისი 14 სოფელი მიეკუთვნებოდა მაღალმთიან ზონას, 2016 წლის 1 იანვრიდან კი აღარ მიეკუთვნება. შესაბამისად, ცვლილებები შევიდა საგადასახადო კოდექსის 83-ე მუხლში და მეშახტეები იანვრიდან იბეგრებიან ჩვეულებრივი წესით, ანუ ხელფასის 20 პროცენტით.


1999 წლიდან დღემდე მეშახტეები, რომელთაც ჰყავდათ მცირეწლოვანი შვილები, იბეგრებოდნენ 10 პროცენტიანი საშემოსავლო გადასახადით, სანამ მათი შემოსავალი არ მიაღწევდა 3 000 ლარს. დაახლოებით 800 მეშახტე ამიერიდან წლიურად მიიღებს 300 ლარით ნაკლებს, რაც, ვფიქრობ, არაკონსტიტუციურია, რადგან კანონმა კი არ შეცვალა მათი მდგომარეობა უკეთესობისაკენ, არამედ უარესობისაკენ. ამ თემაზე კანონის მიღების მომენტში რამდენიმე წერილით მივმართე მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტს, ბატონ ირაკლი ტრიპოლსკის, ყოფილ პრემიერს, ფრაქციას, უმრავლესობას და ა. შ. პასუხად იყო სიტყვიერი დაპირება, რომ საკითხი განიხილებოდა მთის საბჭოს მიერ 2016 წლის 1 აპრილამდე და ტყიბულის რაიონის მაღალმთიან და რთული რელიეფის სოფლებს გამონაკლისის წესით მიანიჭებდნენ ამ სტატუსს. ეს დაპირება არ შესრულდა 2015 წლის 14 დეკემბრის სხდომაზე. არ მაქვს არავითარი გარანტია და არც მოლოდინი, რომ იგივე არ მოხდება 2016 წლის მარტში.


შეგახსენებთ, რომ ტყიბულის რაიონის მაცხოვრებელთა და მეშახტეების შრომისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო. ვთვლი, რომ დაპირებული საკითხებიდან ბევრი რამ განხორციელდა. ესაა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, განათლების რეფორმა, რეგრესისა და მარჩენალდაკარგულთა პენსიების აღდგენა. გთხოვთ, აღნიშნულ საკითხებზე მიიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება. კანონის მუხლობრივ ფორმულირებას ძალიან მარტივად შემოგთავაზებთ და იმის თქმა, რომ თითქოს პრობლემა წერილებშია, წარმოადგენს იაფფასიან პოლიტიკურ ხრიკს საკითხის გადაწყვეტის გასაჭიანურებლად. მეჩვენება, რომ ამ ინიციატივებს იგივე ბედი ელით, რაც მეშახტეთა საპენსიო ასაკის შემცირების მოთხოვნას, რაზეც საკითხი დავაყენეთ 2013 წელს და დღემდე ველით პასუხს.


და ბოლოს, ალბათ, მავანს გაუკვირდება, რატომ მოგმართავთ ღია წერილით. იმიტომ, ბატონებო, რომ ამ თემაზე სამი წლის განმავლობაში უმრავლესობის, ფრაქციის, კომიტეტის, სამინისტროსა და მთის საბჭოს ფორმატში საუბარმა შედეგი ვერ გამოიღო. ბატონმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ თითქოს საკანონმდებლო კუთხით დიდი უფლებები გამაჩნია. შესაბამისად, მე მზად მაქვს კანონის პროექტები როგორც მეშახტეთა არა მხოლოდ 3 000 ლარამდე, არამედ მთელი წლის განმავლობაში 10 პროცენტით დაბეგვრის შესახებ, ასევე ტყიბულის რაიონის მაღალმთიან ზონისათვის მინიჭების თაობაზე. ამჯერად მე მჭირდება ჩემი კოლეგების 76 ხმა. ხოლო კანონპროექტებს მომდევნო კვირაში დავარეგისტრირებთ პარლამენტში. ვთხოვ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, მხარი დაუჭირონ აღნიშნულ ინიციატივებს, რადგან სწორედ ამ კანონში შესულია ისტორიულ-გეოგრაფიული სოფლები, რომლებიც ჰიფსომეტრიულად 300-400 მეტრს არ აღემატება.


და კიდევ ერთხელ მივმართავ ბატონებს: ვოლსკის, ჩემი ფრაქციის თამჯდომარეს, კანონპროექტის ავტორებს: ირაკლი ტრიპოლსკისა და გიორგი ჟორჟოლიანს, რომელიც ჩემთან ერთად იმყოფებოდა 2012 წლის გაფიცვების დროს ტყიბულში, დაპირდა ტყიბულელ მეშახტეებს საკითხის შესწავლას, რეაგირებას და გახდა ამ მიზნით შექმნილი სახელმწიფო კომისიის წევრი, წამოვიდნენ ჩემთან ერთად ქალაქ ტყიბულში, შეხვდნენ გაფიცულ მეშახტეებს და აუხსნან საკუთარი გადაწყვეტილებების მოტივაცია.


პატივისცემით
ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე. 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 10898
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია