საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
კადრებზე და სხვაზეც
25 ოქტომბერი, 2015
კადრებზე და სხვაზეც

დააკვირდებოდით, სამოქალაქო დაპირისპირებას რამდენად ხშირად ახსენებენ, გვაშინებენ ყველა შესაძლო თვალების ბრიალით და ხმის დაბოხებით. ხოლო სამოქალაქო დაპირისპირება, წარმოუდგენლად სასტიკი, უკვე იყო. იატაკქვეშეთში. ის გამოიხატა წამებისა და გაუპატიურებების სერიაში. ახლა მაინც, ამოცანა უნდა იყოს  ჩამდენების გამოვლენა და დასჯა და აქედან ფართო სურათის დანახვა.  მაგრამ სანაცვლოდ რა გვესმის? - გვესმის ყეყეჩი ღარიბაშვილის ირიბი მოწოდება შურისძიებისკენ. და გვესმის მწამებელთა პატრონებისა და მენეჯერების მედიდური ლაპარაკი მორალური უპირატესობის სიმაღლიდან. ხთფუ.

ცხადია, ადამიანი, რომლის ოჯახის წევრი აწამეს, ცხოვრება დაუნგრიეს, ადამიანი, რომელიც თავად დაექვემდებარა ძალადობას, შესაძლებლობისთანავე გაიწევს ჯალათისკენ, ან ჯალათის ხილული აგენტისკენ. აქ არ არის საჭირო ყალბი გაკვირვება, გასაკვირი და სახიფათო ისაა, რომ სახელმწიფომ შეიძლება, მას ამის საშუალება მისცეს. ან სულაც ხელი შეუწყოს ამაში.

ამას გარდა - ფეხს იკიდებს, თუ უკვე არ მოიკიდა, ერთი ასეთი მსჯელობა, რომ რა დროს ოპოზიციაზე (ნაციონალურ მოძრაობაზე) საუბარია, ახლა სხვა ხელისუფლებაა და მარტო ამათზე უნდა ვილაპარაკოთ. წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრის მინელება, ან ამით დაღლა არ გვარგებს. ეს სულ უნდა გვახსოვდეს. აქ არ გამოდგება "გპატიობ, მაგრამ მემახსოვრება", არ გამოდგება არც "ვივიწყებ, მაგრამ არ გპატიობ", ამის არც პატიება და არც დავიწყება არ გამოვა. მარტო ბრიყვებს შეიძლება ეგონოთ, რომ საუბარი მასშტაბურ დანაშაულებზე, მათგან გამომდინარე ყველა შედეგით, ხელს უშლის არსებულ ხელისუფლებასთან დაპირისპირებას, ან მისთვის უარის თქმას. სულაც პირიქით -  ამ ორის პარალელური განხორციელება ვალდებულებაც კია და არა არჩევანი. 

კიდევ:   ახლა ამ ვიდეოების ნაწილ-ნაწილ, მმართველი კოალიციის პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე გამოგდება აშკარად მანიპულაციურია და სახიფათო. სახიფათო არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ვიდეოების გამოჩენას ღარიბაშვილის მითითებებიც მოყვება, არამედ იმიტომაც, რომ ყველაფერთან ერთად, ხელისუფლება ამით ამბობს, რომ უკეთ კი არ იმუშავებს, რამეს კი არ შეცვლის, რამეს კი არ უწამლებს ღატაკ ხალხს, ან მათ შიმშილით გარდაცვლილ შვილებს, განათლების სისტემას კი არ მიეხედება,  მონური შრომის პირობების გაუმჯობესებაზე კი არ იზრუნებს რამენაირად, არამედ ვიდეოებს გვაჩვენებს. ამ ვიდეოებს ზემოთჩამოთვლილის ალტერნატივად სახავს. პოლიტიკური პროექტის არქონის ერთგვარ ანაზღაურებად ეიმედება.

მანიაკებსა და მავნებელ ლენჩებს შორის გაძრომა რთული ამოცანაა. მაგრამ ამაზე ფიქრის და მუშაობის გარეშე უკეთეს მომავალზე უარს ვიტყვით.

დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია