საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ბატონებო, თქვენ ამომრჩეველმა საქმის საკეთებლად დაგიქირავათ
17 სექტემბერი, 2015
ბატონებო, თქვენ ამომრჩეველმა საქმის საკეთებლად დაგიქირავათ

 

აღარ მინდა შეგაწუხოთ იმაზე საუბრით, რომ მეოთხე ხელისუფლებაა მედია და მას არ სჭირდება არჩევა, სამაგიეროდ, მას სჭირდება ობიექტურობა.

 სამწუხაროდ, მედია ხშირად პოლიტიკური ძალების რუპორია და ამით მოგებული რჩება მედიაც და პოლიტიკური ძალებიც, წაგებული რჩება ხალხი!

 იტყვით, რომ ეს უჩემოდაც იცოდით, მაგრამ რა უნდა ვქნათ იმისათვის, რომ ხელისუფლება ნირვანაში არ ჩაიძიროს და ხალხი კი _ გაჭირვებასა და სიცრუეში.

 სამწუხაროდ, ჩემი ჟურნალისტური პრაქტიკა მოითვლის ადმინისტრაციულ რესურსთან „ჩხუბს“. ჟურნალისტს იცავს კანონმდებლობა არა მარტო იმ კანონებით, რომელიც ყველა მოქალაქეზევრცელდება, არამედ სპეციალური მუხლითაც, რომელიც ამოქმედდება სისხლის სამართლის მიხედვით ჟურნალისტური საქმიანობაში ხელის შეშლის დროს.

 2012 წელს ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ბატონ პროკოფი ჩიკვილაძეს არ მოსწონდა ის, რომ გავასაჯაროვე ჭიათურაში მოსახლეობის მოფქვილშაქარზეთიანება ანუ წინასაარჩევნოდ მატერიალური სიკეთეების დარიგება ხელისუფლების მხრიდან (არმოწონება გამოიხატა იმით, ჯერ თავად სიცრუის ტირაჟირებაში დამდო ბრალი და  მისმა თანმხლებმა პირმა, გამგებლის მოადგილემ, ვინმე კეთილაძემ, საცემად გამოიწია, მაგრამ, როგორც ჩანს, წონითა და სიმაღლით პატარა ჟურნალისტიდან არ ელოდა ერთ ადგილას გაქვავებას და არგაქცევას!).

 არც ის მოსწონდა ხელისუფლებას, როცა ჭიათურაში „დიდი ბიძინაობისას“ გამგეობის შენობიდან გადმოჰფინეს „ქართული ოცნების“ მაისური დროშასავით და ეს ფაქტი ფოტოდოკუმენტურად გამოვაქვეყნე (როგორც ამბობენ, ამ ფაქტს დიდი მღელვარება მოჰყვა გუბერნიაში).

 ზოგადად, ჭიათურის მოგების იმედი ჰქონდათ „ნაციონალურ მოძრაობას“ იმ პრინციპით, რომლის ფორმულირება შეიძლებოდა დაახლოებით ასე: ბიძინა თუ კარგი კაცია, მარტო საჩხერეს რატომ პატრონობს?!

 მოლოდინი, რომ „ნაციონალების“ წასვლას მოჰყვებოდა ადმინისტრაციული რესურსების გაკეთილშობილება, „შენჩემიობა“ მოკვდებოდა და ნიჭსა და შესაძლებლობებს მიეცემოდა გზა ფართო, გაცრუვდა.

 ჩაჭრილები და დაბალი კვალიფიკაციის ადამიანები ისევ სხედან სკამებზე, გამოცდაჩაბარებულთა ნაწილი ტყუილად „დაბრაკეს“ გასაუბრებაზე. იმედია, ფაქტებს არ მოითხოვენ, თორემ იმდენი ფაქტის წინაშე დადგებიან, რადენსაც არ მოისურვებენ!

 „ოცნების“ მოსვლის შემდეგ პირველი ადმინისტრაცია, ვისთანაც უსიამოვნო შეხება მქონდა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი აღმოჩნდა. ჩემ მიერ დაწერილ წერილს, რომელიც შეეხებოდა ხარაგაულში გაცემულ პრემიებს, მოჰყვა მთელი „გაფეისბუქებული“ ხარაგაულელების „დაფრენდება“. არადა, ჩემი ინტერნეტკედელი ღიაა და არამეგობარსაც შეუძლია კომენტირება ჩემს პოსტებზე. ხარაგაულელი „ექაუნტების“ უმეტესობა მიხსნიდა, რომ გამგებელი კარგი კაცია, რომელსაც მშვენიერი წარსული აქვს. ზოგი ახსნასაც არ მაჯერებდა და „საქმეებს მირჩევდა“ პირად მიმოწერაში, მათ შორის გამგებლის მოადგილეც, რომელიც პარალელურ რეჟიმში მასწავლიდა ჟურნალისტურ ეთიკასაც! აღნიშნული სასწავლო კურსის გაგრძელება მან სცადა კაცხის 1000 წლის იუბილეზეც, მაგრამ აუდიტორია (ანუ მე) მორჩილი მსმენელი არ აღმოვჩნდი. არადა, სადავო მხოლოდ ის იყო, რომ ქუთაისობაში მონაწილეობაში პრემია  უნდა გამოეწერათ თუ არა გამგებლისა და მისი მოადგილისთვის!

 ამის შემდეგ ხარაგაულისა და ჩემი „გადაკვეთა“ მოჰყვა სოფლის პროგრამებსა და ხანძრის ლიკვიდაციის საკითხს (ეს ხანძარი ჭიათურა-ხარაგაულის საზღვარზე „გაჩნდა“ და ისევ დაისვა კითხვები, რატომ არ იყო ორგანიზაციული საკითხები მოგვარებული ცეცხლის ლოკალიზებასა და ჩაქრობაზე). აქვე დავამატებ, რომ ხარაგაულის სოფლის პროგრამებზე ინფორმაცია მქონდა სოფელ იგორეთიდან, სადაც ერთი პროექტის მიხედვით, უნდა მომხდარიყო მოსახლეობის წყლით უზრუნველყოფა. გამოყოფილი მილები და სამშენებლო მასალები გადანაწილდა მოსახლეობაზე და არა პრობლემის აღმოფხვრაზე.  უწყლობა ისევ სტანჯავს ჟენია ალექსანდროვნას, ანუ ბებიაჩემს! აქვე ერთსაც დავამატებ! 90 წელს მიღწეული მოხუცი იმას უფრო სწუხს, რომ სხვებმა წაიღეს სახლში მასალები და არა იმას, რომ პროექტი არ განხორციელდა ისე, როგორც წესი იყო! გამგებელი დამპირდა, რომ საკითხს პირად კონტროლზე აიყვანდა, მაგრამ გასული ზაფხულიც ხახამშრალი დარჩა ჟენია ალექსანდროვნა (ახიცაა მასზე, ქრონიკულად რომ აქვს სახლში, თვალსაჩინო ადგილას, პრეზიდენტების სურათები გამოკრული და შვილიშვილებთან არ მიდის საცხოვრებლად).

 ცალკე თემაა ჩემი და საჩხერის თვითმმართველობის ურთიერთობა. გასული მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე თითქმის ორი წლის განმავლობაში არ მესაუბრებოდა მცირე წერილის გამო, რომელსაც საკმაოდ მკვახე სახელი ერქვა („საჩხერეა თუ სასკვერე“) და კიდევ უარესი! გასულ წელს ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ დამიქირავა გაზეთის რედაქტორად (ჩემდა საამაყოდ ვამბობ, რომ საჩხერის ისტორიაში პირველი რედაქტორი ვიყავი, რომელიც ადგილობრივ გაზეთს თავბოლო ფერადი გაუხადა) და კრიტიკის ქარცეცხლში მოვექეცი, რადგან ჩემ მიერ გამოშვებეულმა პროდუქციამ დაახლოებით 18 ათას ლარიანი შეღავათი მოუტანა მუნიციპალიტეტს წინა წლებთან შედარებით. ხან უცხრილობა და ხან ცხრილიანობა დასდეს წუნად გაზეთს, რომლის რედაქტორი საკმაოდ გამოცდილი იყო ელექტრონულ და ბეჭდურ მედიაში (დაე, ჩათვალონ თავის ქებად, თუ ვიტყვი, რომ არაერთ წარმატებულ გამოცემაში მიმუშავია და ვმუშაობ ახლაც). თემატიკა, რომელიც მოთხოვნილი იყო ტენდერის პირობებით, იყო სოციალურ-პოლიტიკური გაზეთის შექმნა და ნორმატიული აქტების გამოქვეყნება. შევქმენი გაზეთის ფეისბუქგვერდი, სადაც ოპერატიულად ვაქვეყნებდი სასწრაფო მასალებს და ყოველდღიურად ჰყავდა ათასობით მნახველი! „რატომ უნდა აკეთოს ჭიათურელმა ფული საჩხერეში“ _ (სავარაუდოდ) ამ პრინციპის გამო საჩხერის თვითმმართველობამ გადაწყვიტა „კარის გაზეთის აიპის“ შექმნა, რაც 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში კიდეც აისახა და საჯარო განხილვის დროს გამოკვეთილად ვუთხარი საკრებულოსა და გამგეობასაც, ოღონდ ნუ დაარღვევთ კანონებს და საჯაროდ ვდებ პირობას, რომ გაზეთს არ მივეკარები-მეთქი (საიას მიერ მოწოდებული რეკომენდაცია კინაღამ უგულებელყვეს, რომელიც ითვალისწინებდა შემდეგს: თვითმმართველობას არ აქვს ისეთი აიპის ჩამოყალიბების უფლება, რომელიც მედიაპროდუქტს გამოუშვებდა და შესყიდვების შესახებ კანონი 5 ათას ლარზე მეტი ღირებულების მომსახურების ტენდერირებას გულისხმობს!).

 ცალკე თემაა ის, რომ ვერ „დალაგდა“ ურთიერთობა ამის შემდეგ საჩხერის თვითმმართველობასა და ჩემს შორის! ანუ მე არ მომწონდა ის, რომ გამგეობის საზოგადოებასთან სამსახურის თანამშრომელმა ინტერნეტომი გამომიცხადა, რადგან საჩხერის პრობლემებზე ვწერდი. კიდევ, ცნობილი საკითხი, რომელიც არ მოსწონთ საჩხერეში, არის ის, რომ „ნაციონალების“ დროს აპრობირებული ძეგლთა მეორედგახსნა „ოცნების“ დროსაც დავიწუნე და ვისი ზარი და მკვახე განაცხადების მოსმენამ არ მომიწია. არაერთხელ განვუცხადე „არმომწონეებს“, თუ არასწორს ვწერდი, მიემართათ სასამართლოსთვის, მაგრამ არა! გასაოცარი ფაქტი მოხდა თავად საჩხერის გამგებლის კაბინეტში _ ჩემი პირადი მიმოწერა ხელთ ჰქონდა გამგებელს! სადაც მთავარი ბრალდება ამოიკითხა გამგებელმა _ არ ვაპირებდი მისი ინტერვიუს  ჩაწერას და ვერ ვპატიობდი მისი ხელქვეითის „დაუკავებლობას“ ჩემს დისკრედიტაციის ჟამს რომ აწარმოებდა სოციალურ ქსელში. როგორც გამგებელმა მითხრა, ვისაც ეს მივწერე, მას არ მიუცია მიმოწერის კოპიო და თავად მოიპვა!

 ამის შემდეგ აღარ მეგონა, თუ კიდევ რამე გამაოცებდა, თუმცა შეძლო თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარემ, რომელსაც არ ვიცნობდი. მას რატომღაც ეგონა, რომ მის პირად ცხოვრებას ვეხებოდი და ვწერდი მისი ტემპერამენტის შესახებ და პირად მიმოწერაში ისეთი ტექსტები „დამახვედრა“, რასაც საჯარო მოხელე კი არა, ქუჩის გარჩევის დროს თუ გაიგონებს ადამიანის ყური! თან „სქრინშოტები“ აუღია და რატომღაც ბრალს მდებდა იმაში, რაზეც არასდროს დამიწერია (აქვე ჩავურთავ, რომ არაერთხელ მომწერეს ინკოგნიტოდ, რომ ადრე, „ოცნებამდე“ ერთ-ერთ სამინისტროში ისეთი ორგიები იმართებოდა, რომ ნახმარი პრეზერვატივებით კანალიზაცია გადაკეტილა, ცოტა მოგვიანებით კი იმაზე, რომ საშუალო რგოლის საჯარო მოხელეებს ჰქონდათ კაბინეტური სექსი და სამუშაო დროის არარაციონალურ გამოყენებას ჰქონდა ადგილი). ბატონ ავთანდილ ჩუბინიძეს (საკრებულოს თავმჯდომარეს) სასწრაფოდ გამოუკითხავს ჩემს შესახებ და თურმე „მაგარი ჟურნალისტი ვყოფილვარ, მაგრამ თერჯოლაში შექმნილა ფეისბუქგვერდი ,,თერჯოლა დღეს“, რომელიც მას და კიდევ ბევრ მოხელეს აყენებდა შეურაცხყოფას“ მაგრამ მე ვერ მივხვდი, ამას ჩემთან რა კავშირი ჰქონდა?!

 კიდევ ერთი ბრალდება, რაც უკვე დაბალი რგოლის საჯარო მოხელეებისგან გამიგია: ჭიათურაში ყველაფერი კარგადაა, რომ მასზე არ წერო?

 არც ისე დიდი ხნის წინ ახალი ბრალდება მომიძღვნეს: აღმაშენებელს რომ ეძახი ერთ გამგებელს (სავარაუდოდ, ჭიათურის გამგებელი), რა გააკეთა მან და დანარჩენებზე მხოლოდ ნეგატიურებს წერო.

 არ მახსენდება, რომ რომელიმე გამგებელი მასხრად ამეგდო და აღმაშენებლის სტატუსი „მიმეკერებინა“, თუმცა ერთგან უწყინარად დავწერე: ჭიათურის მუნიციპალური ბიუჯეტიდან 2,6 მილიონი ლარი იხარჯება კაპიტალურ ხარჯებზე, თერჯოლაში მგონი 400 ათასი და ხარაგაულში კიდე _ 40 ათასი-მეთქი.

  აქვე დამადანაშაულონ, თუ ესეც მკვახედ ვთქვი, რომ ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი ამართლებს თავის სტატუსს, რომლის თავდაუზოგავმა მცდელობამ ჭიათურას 3 მილიონი ლარით გაუზარდა ბიუჯეტი (ეგებ სხვა რომელიმე შეძლო ამაზე მეტი იმერეთის მხარეში?!).

 ამხელა მასალის მორალი ერთია: თუ ჟურნალისტმა დააშავა,  მასთან სამართლებრივი კუთხით დაიწყეთ დავა და არა კულუარულად ან კიდევ პირადულად, რადგან ასე სჯობს ყველასთვის!

 ჰო, ბარემ აქვე დავამატებ: ხარაგაულის გამგებელთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს (ეს მისი დიპლომატიური ნიჭის წყალობით), თუმცა დააშავებს ხარაგაული თუ ჭიათურა, დასაწერს დავწერ! რაც შეეხება „საქმის კეთების“ არგამოქვეყნებას, ბატონებო, თქვენ ამომრჩეველმა საქმის საკეთებლად დაგიქირავათ და თქვენს პიარზე მედია არ იმუშავებს! რადგან ამისთვის გყავთ თქვენი სამსახური, რაც საზოგადოებასთან ურთიერთობის სახელითაა ცნობილი!

 

 

 

დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია